ახალი ამბები

“სატელიტის ფოტოები” ყალბია – პროკურატურა

18 სექტემბერი, 2020 • 918
“სატელიტის ფოტოები” ყალბია – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშილის მიერ გასაჯაროებული “სატელიტის ფოტოები” დამონტაჟებული და ყალბია. ამის შესახებ განცხადება მთავარ პროკურატურაში დღეს გაკეთდა.

პროკურატურაში აღნიშნეს, რომ აღნიშნულ განცხადებას აკეთებენ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვვნების შედეგებზე დაყრდნობით. პროკურატურაში ამბობენ, რომ ფაქტს სამართლებრივი რეაგირება მიეცემა, რადგან სახეზეა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და მტკიცებულებების ფასლიფიკაციის მცდელობა.

პროკურატურის განცხადება სრულად ამ საკითხზე:

“გვსურს გაგაცნოთ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი მტკიცებით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.

ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ იყო მითითებული ვებგვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, თუმცა მან წარმოადგინა ორი ფოტოსურათი და უარი განაცხადა  კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, რის გამოც აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით  ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა. აღსანიშნავია ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებენ გამოძიებისთვის  ე.წ. სატელიტის ფოტოების მომწოდებლის ვინაობის დასახელებისგან და ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებისგან.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი.

კერძოდ დადგინდა, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილ პირველ  ფოტოსურათზე,   რომელზეც  იკითხება  თარიღის   აღმნიშვნელი  მონაცემი – „2020 Jul 19“, ჩატარებული ვიზუალური და გამოთვლითი კვლევების შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, რაც გამოიხატა შემდეგში: ზედა  მარცხენა  კუთხეში  არსებული  მცირედ გამჭვირვალე  ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება საერთო ფონისგან, კერძოდ, თუ მარცხენა ქვედა ღილაკის ფონი ასახავს სატელიტური ფოტოსთვის დამახასიათებელი წყლის გამოსახულებას, ღილაკის არეალის შემდგომ ეს ფონი სწორხაზოვნად გადადის ხმელეთის გამოსახულებაზე. ასევე, ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულება მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან. ასევე, როგორც შეფერილობით, ასევე დეტალიზაციითაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან  სურათის ძირითად ფონზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სიმაღლიდან დანახულ დედამიწის სატელიტურ გამოსახულებას. ღილაკები  დატანილია სხვა ფოტოსურათიდან.

მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი „2020 Jul 22“, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოზე, ზედა მარცხენა   კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე შეინიშნება გაბუნდოვნებული გამოსახულება, ასევე ქვედა ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება გამოსახულების გაბუნდოვნება, რაც სტანდარტულად რაიმე ვებგვერდის გახსნისას ეკრანის გადაღებით არ მიიღება და შესრულებულია ფოტორედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსად პირველი ფოტოსი, აღნიშნული ფოტოსურათიც მიღებულია მონტაჟის გზით.

ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათთან მიმართებაში განსხვავება შეინიშნება ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ ციფრების კომბინაციაში, მარჯვენა ზედა კუთხეში ორი ღილაკის არარსებობაში, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე წარწერის ადგილზე  და ქვედა ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულების გაბუნდოვნებაში.

ვინაიდან თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე იყო მონტაჟის კვალი და გამოძიების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უტყუარად დაადგინა აღნიშნული ფოტოების სიყალბე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდინ სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები 23 წლის პროგრამისტის საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. მათ ამის შესახებ განცხადება 9 სექტემბერს გააკეთეს.

ადვოკატების აზრით, მკვლელობის მუხლით გამოძიების გადაკვალიფიცირების საფუძველს იძლევა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული სატელიტის კადრები, რომელის მიხედვითაც, 19 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში არ დგას. მიხეილ რამიშვილთან ერთად, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRIDC) იურისტი ეკა ქობესაშვილი იცავს. HRIDC სრულ ნდობას უცხადებს რამიშვილის მიერ მოპოვებულ სატელიტის კადრებს და ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა მიიღოს ეს მტკიცებულბა ან მოიპოვოს საპირისპირო ფოტოები, რაც აქამდე ვერ მოახერხა.

ეკა ქობესაშვილის ინფორმაციით, სატელიტის კადრები გადაღებული იყო ევროკავშირის 4 ქვეყნის კორპორაციული ვადიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

“არის ევროკავშირის ვადიანი კორპორაციული პროგრამა, რომელშიც მოცემულ შემთხვევაში გაერთიანებული იყო ევროკავშირის 4 ქვეყანა და დამატებით 10 ქვეყანა. ამ კორპორაციული სასწავლო პროგრამის ფარგლებში ხდებოდა სატელიტიდან ფოტოების გადაღება. ეს ხალხი დაგვეხმარა ჩვენ, მოიპოვა ფოტოსურათები და გადმოგვცა. ფაქტია, რომ იქ თამარის მანქანა არ იდგა. ახლა მივიდეს პროკურატურა და ამტკიცოს, რომ იდგა და თვითონ მოგვიტანოს საპირიპირო ფოტოები. თუ არადა, მიიღოს ჩვენი მტკიცებულება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება , რაც საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალივფიცირებას გულისხმობს”, – განაცხადა ქობესაშვილმა.

ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა, 23 ივლისს კი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მიხეილ რამიშვილის თქმით, სატელიტიდან გადაღებული კადრები ასახავს სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს. გასაჯაროებული კადრების მიხედვით, 19 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა იმ ადგილას არ დგას, სადაც იპოვეს, სხვა დღეები კი ღრუბლიანი იყო და ფოტოები გარჩევადი არ არის. რამიშვილი ამბობს, რომ პროკურატურას არაერთხელ მიმართა 18-22 ივლისის სატელიტის კადრების აღმოღების თხოვნით, თუმცა საგამოძიებო უწყებამ ეს ვერ ან არ მოახერხა, რის შემდეგაც ადვოკატმა სატელიტის კადრები საკუთარი ძალისხმევით მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი