ნეტგაზეთი | აქცია ისანში, ფართების დაკანონების მოთხოვნით და დაპირისპირება პოლიციასთან აქცია ისანში, ფართების დაკანონების მოთხოვნით და დაპირისპირება პოლიციასთან – Netgazeti
RU | GE  

აქცია ისანში, ფართების დაკანონების მოთხოვნით და დაპირისპირება პოლიციასთან

ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე, მოსახლეობა სარგებლობაში არსებული ფართების დაკანონების მოთხოვნით შეიკრიბა. მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, თუმცა მალევე პროცესში პოლიცია ჩაერია და ერთი ქალი დააკავა, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ გაათავისუფლა.

მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ მოთხოვნის შესრულებას ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, უშედეგოდ ელიან. ადგილზე მივიდნენ როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები, ხატია დეკანოიძე და გიორგი ვაშაძე, ისე გამგეობის წარმომადგენლები. მათი თქმით, ზემოაღნიშნული მოთხოვნა რიგ პროცედურებდათანაა დაკავშირებული, რომლებიც უკვე მიმდინარეობს.

“გამგეობის კომპეტენციაა, შუამდგომლობა გაუწიოს ამ ხალხს. ეს საცხოვრებელი ფართები არის სახელმწიფო ქონება, რომელსაც იყენებენ საცხოვრებელ ფართებად…  სახელმწოფომ გაითვალისწინა მათ გაჭირვება, სოციალური მდგონარეობა და მიიღო გამგეობამ ასეთი გადაწყვეტილება, უშუამდგომლოს შემდგომ ორგანოებში.

ამის შემდეგ მოდის ასეთი პროცედურები: უნდა გაკეთეს აზომვითი ნახაზები ყველა საცხოვრებელ ფართში, დარეგისტრირდეს, ვინ ცხოვრობს, რა კატეგორიის ხალხი ცხოვრობს, რა ფართს იჭერენ… ამის შემდეგ, პროცედურების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს უნდა ვთხოვოთ, გადმოგვცეს თვითმმართველობას, რათა ამ ხალხს ეს საცხოვრებელი ფართები, როგორც ქონება, დაურეგისტრირდეს.

ეს არის პროცედურა. შუამდგომლობა გაკეთდა 3 000 გვერდი [მოცულობის]. ამას ხომ უნდა მუშაობა და დრო ხომ უნდა. ეს 3 000 გვერდი გაგზავნილია შემდგომ ორგანოებში და მიდის შესწავლა”, – აღნიშნა გამგეობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

მოქალაქეებს, რომელთაც გზა ჰქონდათ გადაკეტილი, პოლიციამ ტროტუარისკენ უბიძგა. ქალი, რომელიც ცდილობდა, გაეღწია პოლიციელთა რიგიდან და გზაზე გადასულიყო, პოლიციის მანქანაში ჩასვეს და დააკავეს. თუმცა, გარკვეული ხნის შემდეგ, იმავე ტერიტორიაზე პოლიციის ავტომობილითვე დააბრუნეს და გაათავისუფლეს.

მანამდე, ადგილზე მივიდა მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის რაიონში პარტიიდან “სტრატეგია აღმაშენებელი”, გიორგი ვაშაძე, რომელმაც საკუთარი ავტომობილით გადაკეთა გზის სავალი ნაწილი და თქვა, რომ არ გადაწევდა ავტომანქანას, სანამ დაკავებულ ქალს არ გაათავისუფლებდნენ. პოლიცია მას მოუწოდებდა, გაეთავისუფლებინა გზა და ეუბნებოდა, რომ ქალის გათავისუფლება იქამდე იყო გადაწყვეტილი, სანამ ვაშაძე ტერიტორიაზე მივიდოდა.

ენმ-ის წევრმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ, ადგილზე გამგებლის მისვლა მოითხოვა, თუმცა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გამგებელს სიცხე აქვს და ამ მიზეზით ვერ მივა ტერიტორიაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან