ახალი ამბებიეკონომიკა

ევროპარლამენტის ანგარიში და შრომის რეფორმის ბედი საქართველოში

16 სექტემბერი, 2020 •
ევროპარლამენტის ანგარიში და შრომის რეფორმის ბედი საქართველოში

ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საბოლოოდ მიიღო ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ანგარიშში სხვა შეფასებებთან და რეკომენდაციებთან ერთად, ევროპარლამენტარები სექტორული თანამშრომლობის ნაწილში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ განაგრძოს შრომის კანონმდებლობის რეფორმა, მათ შორის წინსვლა შრომის ინსპექტირების ნაწილში.

დოკუმენტი ხაზს უსვამს – „შრომის უსაფრთხოების კანონის რეფორმას, რათა შეიქმნას რეალურად მოქმედი ინსპექტირების სისტემა და ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმი, რომელიც გამოავლენს სამუშაო ადგილებზე შრომითი უფლებების დარღვევას“.

ანგარიშში საუბარია შრომის კანონმდებლობაში ანტი-კორუფციული მექანიზმის შემუშავებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული კონვენციების რატიფიცირების აუცილებლობაზეც, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და პროფესიული კავშირების ჩართულობის მნიშვნელობაზე აღნიშნულ რეფორმებში.

რა ეტაპზეა შრომის კანონმდებლობის რეფორმა საქართველოში?

პარლამენტმა 2020 წლის გაზაფხულზე I მოსმენით მხარი დაუჭირა შრომის რეფორმას, რომლის ავტორი „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილია. ცვლილებების პაკეტის განხილვაში ჩართული იყო სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი და პროფკავშირები.

ნახეთ ვრცლად ვინ და რატომ ლობირებს შრომის რეფორმის ჩაგდებას პარლამენტში

5 აგვისტოს, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი, თუმცა პლენარულ სესიაზე კენჭისყრა არ გამართულა. 

„კანონში ცვლილებების პაკეტი პარლამენტის დღის წესრიგში უკვე არის წინა სასესიო კვირიდან, თუმცა ბიზნეს-ასოციაციის მიერ დაყენებული რამდენიმე საკითხიდან გამომდინარე კონსულტაციები მმართველი პარტიის შიგნით გაგრძელდა“, – აცხადებს ცქიტიშვილი. 

იგი ვარაუდობს, რომ ინიცირებულ პროექტში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს. 

„ჯერ არ ვიცით რა სახით მიიღება კანონპროექტი, არ იქნება ფუნდამენტური ცვლილებები შრომის ინსპექციის მიმართ, თუმცა შეიძლება იყოს გარკვეული შერბილებები შრომის კოდექსის ნაწილში. ბიზნეს-ასოციაცია დაინტერესებულია ორი ძირითადი საკითხით, ესაა შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება. ცვლილებები ამ მიმართულებითაა მოსალოდნელი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი კომპრომისზე წასვლის მზაობს პარლამენტის მხარდაჭერის მოპოვების სურვილით ხსნის და განმარტავს, რომ კანონის მიღებისთვის აუცილებელია უმრავლესობის მხარდაჭერა, ამდენად იგი შერბილებულ ვარიანტს მხარს დაუჭერს. პარლამენტარი ევროპელი კოლეგების მიერ მიღებულ ანგარიშსაც აფასებს და მიიჩნევს, რომ იგი ზუსტად ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას. 

“ანგარიშში არის შრომის უფლებების ნაწილშიც კრიტიკული შეფასება, რომ აუცილებელია რეფორმების გაგრძელება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ასევე საუბარია პროგრესზეც. ამ მოწვევის პარლამენტის ფარგლებში გადაიდგა რეალური ნაბიჯები, შრომის ინსპექციას მიენიჭა მანდატი და სხვა, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი, რადგან შრომითი უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა ჩამორჩება ქვეყნის განვითარებას სხვა სფეროებში, იქნება ეს დემოკრატიული მმართველობა თუ ეკონომიკა“. 

თავის მხრივ ბიზნეს-ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ორგანიზაციის აზრით, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შემთხვევაში დაზარალდება ბიზნესის, სახელმწიფოსა და მშრომელთა ინტერესებიც. კონკრეტულად კი ზეგანაკვეთური   სამუშაოს   ანაზღაურების   ლიმიტის   მკვეთრი  ზრდის პირობებში, დამსაქმებლები იძულებულები იქნებიან   თავი   აარიდონ   გაზრდილ   ხარჯებს,   მაგალითად,   მაღალი   ალბათობით,   შესაძლოა,   დაიყოს   შტატები,   შემცირდეს   სამუშაო   დრო   და   შემცირდეს   ფიქსირებული   ხელფასები, ხოლო შრომის   ინსპექციის   მანდატის   განუსაზღვრელი  გაფართოვების შემთხვევაში  ბიზნესი,   განვითარებასა   და   კრიზის დაძლევაზე ფიქრის   ნაცვლად,   იძულებული   იქნება   ადმინისტრაციულ   ორგანოსთან   ხანგრძლივ   დავებში   ხარჯოს   დრო   და   ენერგია,   შრომის   ინსპექცია   კი   დაშორდება   მის   ძირითად   ფუნქციას     აკონტროლოს   სამუშაო   ადგილებზე   შრომის   უსაფრთხოების   პირობები. ბიზნეს-ასოციაცია დარწმუნებულია რომ პარლამენტი დაბალანსებულ, კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, ზეგანაკვეთური ანაზღაურება ნორმირებული საათობრივი ანაზღაურების 125 პროცენტი უნდა იყოს. ამასთან გაგრძელებული ზეგანაკვეთური შრომის ზედა ზღვრის დაწესებით 40 საათზე მეტი ხნით მუშაობა აუცილებლად ზეგანაკვეთურად უნდა ჩაითვალოს და აღარ უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამუშაოების ისეთი ჩამონათვალი, რაც ფაქტობრივად ნორმად საზღვრავდა 48 საათით მუშაობას ზეგანაკვეთურის ანაზღაურების გარეშე.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელსაც დასაქმების ადგილებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ზედამხედველობა ევალება, 2015 წლიდან აღდგა, თუმცა მისი უფლებამოსილება წლების განმავლობაში შეზღუდული იყო. ინსპექცია 2019 წლიდან გაძლიერდა — განახლებულმა კანონმა უწყებას ინსპექტირების ჩატარების უფლებამოსილება წინასწარი თანხმობის გარეშე მიანიჭა.

ინსპექციის თანახმად, ამ ნაბიჯმა შემდეგი შედეგი გამოიღო: თუკი 2018 წელს საწარმოო შემთხვევის შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა და 199 დაშავდა, 2019 წელს ეს რიცხვი 45-მდე და 168-მდე იყო შემცირებული.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ საჭიროა ინსპექციის კიდევ უფრო გაძლიერება, — ერთი მხრივ, ინსპექტორების რაოდენობა 100-მდე მაინც გაიზარდოს, რაც უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის უნარს გაზრდის, მეორე მხრივ კი, მისი მანდატი, შრომის უსაფრთხების საკითხების გარდა, შრომის უფლებების დარეგულირებასაც გადასწვდეს.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ პროფკავშირებისთვის მისაღებია ცვლილებების ის პაკეტი, სადაც, შრომის ინსპექციას გაეზრდება უფლებამოსილების მანდატი, მათ შორის კანონმდებლობის აღსრულების ნაწილშიც, რაც გულისხმობს კონტრაქტების, სამუშაო გარემოს და სხვა საკითხების მეთვალყურეობას და არ შემოიფარგლება მხოლოდ შრომის უსაფრთხოების კონტროლით. ასევე ინსპექციას უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა და ზედამხედველობისას არ უნდა იყოს დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. 

ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ცვლილებების იმ ფორმით მიღება, სადაც არ იქნება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ზრდისა და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოების შესახებ ჩანაწერი, პროფკავშირებისთვის მიუღებელი იქნება. 

EMC-ს სოციალური პროგრამის ხელმძღვანელმა კოტე ერისთავმა, რომელიც ჩართულია შრომის კანონმდებლობის რეფორმის ადვოკატირებაში, ნეტგაზეთს განუცხადა, რომ იმედი აქვს პარლამენტი მიიღებს ცვლილებებს, მათ შორის შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოების ნაწილში.

 „მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს საქართველოში გააჩნია დიდი ძალა და მიმართავს ლობიზმის კამპანიას და ის ფაქტი, რომ კანონპროექტის განხილვა დროში ძალიან გაჭიანურდა, მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა არსებობდეს კულუარული მოლაპარაკებები მმართველ გუნდში, თუმცა, მაინც იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტი მიიღებს ცვლილებებს, რაც მათ შორის ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებითაცაა მოთხოვნილი“.

მეორე პლენარული მოსმენით მიღების შემთხვევაში, კანონში ცვლილებების პაკეტს კენჭს მესამედ, 29 სექტემბერს უყრიან. 

ამავე თემაზე

ვინ და რატომ ლობირებს შრომის რეფორმის ჩაგდებას პარლამენტში

მასალების გადაბეჭდვის წესი