ახალი ამბები

როგორ არ უნდა დაიხუროს სკოლები პანდემიისას – რეკომენდაციები WHO-ს, UNICEF-სა და UNESCO-სგან

16 სექტემბერი, 2020 • 1236
როგორ არ უნდა დაიხუროს სკოლები პანდემიისას – რეკომენდაციები WHO-ს, UNICEF-სა და UNESCO-სგან

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა თავიდან აირიდონ კორონავირუსის გავრცელების მიზეზით სკოლების დახურვა. ორგანიზაციების დასკვნით, სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტას გაცილებით დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე შეიძლება ეს კორონავირუსის გავრცელება იყოს.

აღნიშნულმა ორგანიზაციებმა კორონავირუსის პირობებში სკოლებში უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით ახალი სახელმძღვანელო წესები გამოაქვენეს, სადაც დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა იმუშაონ სკოლებმა პანდემიის პირობებში, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის გავრცელება და, შესაბამისად, დახურვა.

დოკუმენტის ძირითადი პრინციპებია:

  • ბავშვებისთვის უსაფრთხო, ადეკვატური და შესაბამისი საგანმანათლებლო და სოციალური სწავლებისა და განვითარების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
  • კორონავირუსის გადაცემის რისკის შემცირება სკოლაში და სკოლასთან ასოცირებულ სხვა გარემოში, სკოლების დაცვა კორონავირუსის გავრცელების შესაძლო წყაროდ გადაქცევისგან;
  • სკოლებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტეგრირება უფრო ფართომასშტაბიან ჯანდაცვის ღონისძიებებთან.

რაც შეეხება სკოლების დახურვას, ახალი წესების მიხედვით, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ეს უნდა გადაწყვიტონ მათ ფარგლებში არსებული ვითარებისა და სკოლის მნიშვნელობის გათავალისწინებით. კერძოდ, უნდა განისაზღროს, რა გავლენა ექნება სკოლების დაკეტვას ბავშვების განათლების ხარისხზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ბავშვთა საერთო კეთილდღეობაზე.

დოკუმენტის თანახმად, სკოლები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიხუროს, “თუ არ არსებობს სხვა ალტერნატივა”.

“ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსი ბავშვების ჯანმრთელობაზე პირდაპირ გავლენას ნაკლებად ახდენს. მსოფლიოს მასშტაბით, ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბავშვი მხოლოდ 8.5%-ია, მათგან კი ძალიან ცოტა გარდაიცვალა. სკოლების დახურვას მკვეთრად გამოკვეთილი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვების ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, განვითარებაზე, ოჯახის შემოსავალსა და ზოგადად ეკონომიკაზე”, – წერია საერთაშორისო ორგანიზაციების სახელმძღვანელო წესებში.

დოკუმენტებში ასევე ახსნილია, რა შემთხვევებშია რეკომენდებული სკოლების დაკეტვა:

    • იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ადგილზე კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა, სკოლაში სწავლა უნდა გაგრძელდეს;
    • სკოლა არ უნდა დაიხუროს მაშინაც, თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე კორონავირუსის ერთი ან რამდენიმე შემთხვევაა აღრიცხული;
    • თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე კორონავირუსის კლასტერული გავრცელებაა, სკოლების უმეტესობამ მოსწავლეების მიღება უნდა განაგრძოს კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო ზომების გატარების შემდეგ;
    • იმ შემთხვავში, თუ კორონავირუსი საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული და პირველწყაროების დადგენა რთულდება, ადგილობრივმა მთავრობამ სკოლა და სხვა ობიექტები უნდა დახუროს, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელების დონე განსაკუთრებით მაღალია. იმ შემთხვევაში, თუ სკოლები გარკვეულ ადგილებში არ დაიკეტება, აუცილებელია კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო ზომების მიღება და მკაცრი კონტროლი.

სახელმძღვანელო წესებში ასევე მოცემულია რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სკოლები ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სკოლაში სიარული შეძლონ.

კონტროლი სკოლებში

    • უნდა დაწესდეს შენობაში შესვლისა და გაკვეთილებზე დასწრების პროტოკოლი;
    • მოსწავლეები და მასწავლებლები დაიყოს მოკლე ჯგუფებად ისე, რომ ერთმანეთს არ შეხვდნენ;
    • გამოიყოს ადგილები, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები შეძლებენ გადაადგილებას;
    • სადეზინფექციო ხსნარებით ხშირად დამუშავდეს ზედაპირები და ნებისმიერი ნივთი, რომელსაც ერთზე მეტი ადამიანი იყენებს;
    • ხშირად განიავდეს საკლასო ოთახები;
    • მოსწავლეებს და მასწავლებლებს ჰქონდეთ საკუთარი ასაკის შესაბამისი პირბადეები;
    • მოსწავლეებს, მასწავლებლებს  და მშობლებს უნდა ჩაუტარდეთ სიმპტომური სკრინინგი, საეჭვო შემთხვევები კი დაიტესტოს და იზოლაციაში გადავიდეს;
    • ასევე, მენტალური და ფიზიკური კეთილდღეობის კონტროლისთვის სკოლებს უნდა ჰყავდეთ შესაბამისი პერსონალი და ჰქონდეთ შესაბამისი აღჭურვილობა;
    • სკოლებში განისაზღვროს ისეთი საკვები, რომელიც ბავშვებში იმუნიტეტის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

იმ ადგილებში კი, სადაც მოსწავლეები სკოლებში სიარულს ვერ შეძლებენ, ადგილობრივი ხელისუფლება უნდა დარწმუნდეს, რომ ბავშვებს აქვთ შესაბამისი სასწავლო მასალა, კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლის, მაია ქურციკიძის თქმით, საქართველოში 50 400 ბავშვს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა ან კომპიუტერი. ქურციკიძის განმარტებით, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სწავლა საკლასო ოთახებში სწორედ პირველ ოქტომბერს დაიწყოს.

“რაც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვები სკოლის გარეთ, მით უფრო იზრდება დაუცველობა სხვადასხვა რისკების მიმართ. მათ არ შეუძლიათ ხარისხიანი განათლების მიღება. განსაკუთრებით მძიმედ აისახება ეს სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე”, – უთხრა ქურციკიძემ ნეტგაზეთს.

მისი განმარტებით, UNICEF ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ივნისში წერდა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, სკოლა ინფექციის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ განიხილება, თუმცა არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ბავშვებისთვის დისტანციურ სწავლებას მძიმე შედეგები აქვს მათი ფსიქიკური და ფიზიოლოგიური განვითარებისთვის.

პირველი შეხება სკოლასთან… ონლაინ

მასალების გადაბეჭდვის წესი