ახალი ამბები

გიორგი გურგულიას ბრალი ოჯახში ძალადობაში ედება

16 სექტემბერი, 2020 • 1585
გიორგი გურგულიას ბრალი ოჯახში ძალადობაში ედება

მსახიობ გიორგი გურგულიას ოჯახის წევრის მიმართ მუქარასა და სისტემატურ ძალადობაში ედება ბრალი. ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს პროკრუატურაში განუცხადეს.

გურგულიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, თავად მსახიობი კი დაკავებული არ არის, რადგანაც სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გადახდა დააკისრა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყება გურგულიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოშიც გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.

გიორგი გურგულიას ბრალი ედება შემდეგი მუხლებით : საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა -151-Ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა),  11 პრიმა 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის კ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრზე სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) და 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა,  ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).

მსახიობი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს რომ არათუ ცოლზე, არამედ კინოშიც არ უძალადია ქალზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი