ახალი ამბები

ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

16 სექტემბერი, 2020 • 656
ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც გერმანული მხარის ინფორმაციით მოწამლეს,  რუსეთში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ ნავალინის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, კირა იარმიშმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე გუშინ დაწერა.

“მთელი დილა მირეკავენ ჟურნალისტები და მეკითხებიან, სიმართლეა თუ არა, რომ ალექსეი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს. მესმის კითხვის დასმის მიზეზი, თუმცა მიკვირს, რომ ვინმე სხვანაირად ფიქრობდა.
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ყველას: არასდროს განიხილებოდა არავითარი სხვა ვარიანტი”, – განმარტა იარმიშმა.


ალექსეი ნავალნი 19-დღიანი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან ეტაპობრივად გამოიყვანეს.

გერმანული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნოვიჩოკის მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი ნავალნის ორგანიზმში აღმოაჩინეს გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად.

ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. მისი ოჯახი და თანაგუნდელები ექიმების განცხადებამდეც საუბრობდნენ სავარაუდო მოწამვლაზე.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ოჯახის და მხარდამჭერების მოხოვნით ორგანიზება გაუწიეს სპეციალური რეისის დანიშვნას.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი