ახალი ამბებიხელოვნება

Universal Studios-ს მენეჯერები საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან

15 სექტემბერი, 2020 • 2956
Universal Studios-ს მენეჯერები საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, Universal Studios-ს ლოკაციის მენეჯერები საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან.

გამოცდილი ამერიკელი ლოკაციის მენეჯერები, ილტ ჯონსი, ლორი ბარტონი და პიტერ გლუკი, რომელთაც სხვადასხა დროს უმუშავიათ ფილმების, “შავი პანტერა”, “ბნელი რაინდის აღზევება”, “დასაწყისი”, “კარიბის ზღვის მეკობრეები”, “ერთხელ ჰოლივუდში” გადაღებებზე, საქართველოს 14 სექტემბერს ესტუმრნენ.

ტურის ფარგლებში, რომელიც  16-18 სექტემბერს იგეგმება, მენეჯერები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეწვევიან კინოგადაღებებისთვის საინტერესო ადგილების მოძიების მიზნით. Universal Studios-ს წარმომადგენლების ვიზიტები დაგეგმილია თბილისში, რუსთავში, ყაზბეგში, ახალციხესა და კახეთში. 

კომპანია ქვეყანაში ფილმის წარმოებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც  გასულ წელს “უნივერსალის” ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფრენჩაიზის,  “ფორსაჟისათვის” სცენები თბილისში გადაიღეს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასი, რომლითაც კომპანიის წარმომადგენლები  საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ შემოქმედებით ინდუსტრიაში ჩართულ პირებს. აღნიშნული ტურის მეორე ეტაპი საქართველოში 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

ტური ხორციელდება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კინოკლასტერის ერთობლივი მხარდაჭერით.


ავტორი: ნინი შველიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი