ახალი ამბები

ნავალნის უკვე შეუძლია საწოლიდან წამოდგომა – შარიტეს კლინიკა

14 სექტემბერი, 2020 • 652
ნავალნის უკვე შეუძლია საწოლიდან წამოდგომა – შარიტეს კლინიკა

გერმანული “შარიტეს” კლინიკის ექიმების ცნობით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან სრულად მოხსნილია და უკვე ცოტა ხნით საწოლიდან წამოდგომაც შეუძლია.

ინფორმაციას ამის შესახებ “დოიჩე ველე” ავრცელებს.

ალექსეი ნავალნი 19-დღიანი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან ეტაპობრივად გამოიყვანეს.

გერმანული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნოვიჩოკის მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი ნავალნის ორგანიზმში გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.

ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს უკანასკნელი მოითხოვეს და სპეციალური რეისი დააორგანიზეს.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი