ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანებული ცისანა სეფიაშვილი ნატო-ში ინტეგრაციის მომხრეა

14 სექტემბერი, 2020 • 1363
“პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანებული ცისანა სეფიაშვილი ნატო-ში ინტეგრაციის მომხრეა

სამხედრო მიუმხრობლობისა და უბლოკო სტატუსის ინიციატორ პარტია “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანებული მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა.

სეფიაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა, რომ ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავისა “აბსოლუტურად ყველა შეხედულებას იზიარებს”. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა: “საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი?”

“რასაკვირველია. მაგრამ ზოგადად აბსოლუტურად ყველა მოლაპარაკების მომხრე ვარ”, – უპასუხა სეფიაშვილმა.

სეფიაშვილმა თქვა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე იყო და აზრი არ შეუცვლია. ამავდროულად აღნიშნა, რომ გადაცემაში კორონავირუსზე სასაუბროდ მივიდა და პოლიტიკური კითხვებისთვის მზად არ ყოფილა.

ცისანა სეფიაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიის მე-9 ნომერია.

“პატრიოტთა ალიანსი” რამდენიმე წელია საუბრობს სამხედრო მიუმხრობლობასა და უბლოკო სტატუსზე.

“სამხედრო მიუმხრობლობა ერთადერთი გზაა მშვიდობისთვის. არავითარი ბლოკები, არავითარი ბაზები”, – ამბობს პარტიის ლიდერი დავით თარხან-მოურავი.

2019 წლის მაისში პარტიის ყრილობაზე დავით თარხან-მოურავმა განაცხადა:

“ხელისუფლებამ, ხალხთან შეთანხმებით, უნდა დაიწყოს ფიქრი, მოქმედება და გადაწყვეტილების მიღება, რომ ავსტრიის, შვეიცარიის, ფინეთისა და შვედეთის მსგავსად ჩვენც სამხედრო მიუმხრობლობა გამოვაცხადოთ. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ევროინტეგრაცია გვინდა, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა გვინდა, მათ შორის უსაფრთხოების სფეროშიც, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე სასარგებლო, ყველაზე მისაღები და სასიცოცხლო სამხედრო მიუმხრობლობის გამოცხადებაა, ანუ ჩვენ არც ერთ სამხედრო ბლოკში – არც ნატო-ში, არც რომელიმე სხვა ბლოკში არ ვმონაწილეობთ, ჩვენს ტერიტორიაზე, არც საზღვაო, არც საჰაერო და არც სახმელეთო სივრცეში, ამ სამხედრო ბლოკების წვრთნები არ იმართება და მათი სამხედრო ბაზები არ მოქმედებს”.

რატომაა პრობლემური „პატრიოტების“ მოთხოვნა თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი