ახალი ამბები

ვხედავთ ქაოსს, არანაირ ხედვას და გეგმას – ბოკერია პანდემიასთან ბრძოლაზე

14 სექტემბერი, 2020 • 788
ვხედავთ ქაოსს, არანაირ ხედვას და გეგმას – ბოკერია პანდემიასთან ბრძოლაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ხედვა და გეგმა არა აქვს.

„ჯერ გაზაფხულზე სრულიად გაუაზრებლად, შერჩევითად ჩაკეტეს ეკონომიკა, რითაც უზარმაზარი ზიანი მიადგა ჩვენ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი გაჭირვებულ ადამიანებს. ეს ყველაფერი მინიმუმ იმისთვის უნდა გაკეთებულიყო, რომ შემდეგში ხელისუფლება მომზადებულიყო მეორე ტალღისთვის, რადგან ვირუსი რომ არ გაქრდებოდა ეს იყო ნათელი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, აუცილებელია „რეალური გეგმის ქონა, კოვიდ საწოლებისა და რესპირატორების შეძენა“, რაც „ამ მთავრობას უნდა გაეკეთებინა ამდენი თვის განმავლობაში“, თუმცა, ამის ნაცვლად „თავის ქებით იყვნენ დაკავებულები“.

„ახლა ირკვევა, რომ მთელი ეს დრო გამოიყენეს თვითკმაყოფილებისთვის, თავის ქებისთვის, ოპონენტების მიმართ ტალახის სროლისთვის და ირკვევა, რომ კოვიდ საწოლებისთვისაც კი არ მომზადებულან“.

„ახლა განაცხადა ქალბატონმა [ეკატერინე] ტიკარაძემ [ჯანდაცვის მინისტრმა], რომ საწოლების 65% შევსებული გვაქვს და გახარია ახლა აძლევს დავალებას, რომ 3000 საწოლი მოამზადონ. აქამდე რას აკეთებდნენ? ის ჩაკეტვა თუკი რამეში უნდა გამოყენებულიყო, ეს იყო მოზადებისათვის, რომ შემდეგში გახსნილიყო ეკონომიკა“, – აცხადებს ბოკერია, რომელიც პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში.

„ახლა ვხედავთ ქაოსს, არანაირ ხედვას, არანაირ გეგმას და ისევ არალეგალური, უკანონო, შერჩევითი გაუზარებელი ჩაკეტვები და რეპრესიები ჩვეულებრივი მოქალაქეების, წვრილი და საშუალო მეწარმეების წინააღმდეგ, რომლითაც ვირუსს კი არ უშველიან, არამედ ისევ დაარტყამს ყოველი მოქალაქის ჯიბეს და მათ მომავალს“, – განაცხადა მან.

„ეს არის სურათი რასაც ვხედავთ, მხოლოდ ციფრებით მანიპულირება. ეს არის ფეხებზე დაკიდების პოლიტიკა და კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება და არ შეუმსუბუქეს ტვირთი ადამიანებს“, – თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.


ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყანაში მნიშნველოვნად იზრდება კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. 14 სექტემბერს ინფიცირების 165 შემთხვევა დადასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი