ახალი ამბები

შრომის რეფორმა გაურკვეველი მიზეზით შეჩერებულია – „ღირსეული შრომის პლატფორმა“

14 სექტემბერი, 2020 • 949
შრომის რეფორმა გაურკვეველი მიზეზით შეჩერებულია – „ღირსეული შრომის პლატფორმა“

ახლადშექმნილი „ღირსეული შრომის პლატფორმა“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფკავშირებს აერთიანებს, აცხადებს, რომ პარლამენტში შრომის ინსპექციის რეფორმა გაურკვეველი მიზეზით არის შეჩერებული და პარლამენტს მოუწოდებს, დროულად განაახლოს მისი განხილვა.

პარლამენტმა 2020 წლის გაზაფხულზე მხარი დაუჭირა შრომის რეფორმას, რომლის ავტორი „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილია.

ამის შემდეგ, 5 აგვისტოს, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი, თუმცა პაკეტისთვის პლენარულ სესიაზე მეორედ ჯერ არ უყრიათ კენჭი.

„ღირსეული შრომის პლატფორმის“ თანახმად, პაკეტის სასესიო განხილვები „გაურკვეველი მიზეზით და ვადით არის შეჩერებული“. ეს მაშინ, როცა, — პლატფორმის შეფასები, — „შემოთავაზებული ცვლილებებით არსებითად ძლიერდება შრომის ინსპექციის მანდატი, რაც მშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობას გააუმჯობესებს“.

როგორც ორგანიზაციების გაერთიანების 14 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, შრომის ინსპექციის შეზღუდული მანდატი ვერ ახდენს სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევების პრევენციასა და შრომითი უფლებების ჯეროვან დაცვას. „გარდა ამისა, ინსპექციის შეკვეცილი უფლებამოსილება წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან“.

პლატფორმა მიუთითებს, რომ მოქმედ პარლამენტს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე პლენარული სხდომა აქვს დარჩენილი, ხოლო არჩევნებამდე საკანონმდებლო ცვლილებათა მიუღებლობა რეფორმის ფაქტობრივ ჩავარდნას ნიშნავს:

„რეფორმის ჩავარდნა კი უფლების დაცვის სათანადო მექანიზმების გარეშე დატოვებს დასაქმებულებს. ამასთან, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს საგარეო და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებზე“.

განცხადებას ხელს აწერენ: „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოლიდარობის ქსელი“, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირი“ და „ღია საზოგადოების ფონდი“.


ვრცლად ამ რეფორმაზე:

ვინ და რატომ ლობირებს შრომის რეფორმის ჩაგდებას პარლამენტში

მასალების გადაბეჭდვის წესი