“სილქნეტის” ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან თბილისსა და რეგიონებში მომსახურების ოფისები დროებით დაიხურება. კომპანია ამ გადაწყვეტილებას მომხმარებლებისა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვით ხსნის. ამასთან, აცხადებს რომ 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს “სილქნეტის” ქოლ ცენტრი 2 100 100; ონლაინ დახმარება და ფეისბუქის მესინჯერი.
“პანდემიის პირველი დღიდან კომპანია ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს. ამასთან, ავითარებდა სხვადასხვა პროდუქტს თუ მომსახურებას, რათა მომხმარებლებისთვის დისტანციურადაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა აუცილებელი სერვისი.
დღესაც, ისევე როგორც პანდემიის საწყის დღეებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა ონლაინ მომსახურებით ისარგებლოს, რათა ოფისში მისვლის აუცილებლობა მოიხსნას,”-წერია განცხადებაში.
დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 2392 გახდა. მათგან 1370 პაციენტი გამოჯანმრთელდა. Covid-19-ით საქართველოში 19 ადამიანი გარდაიცვალა.