ნეტგაზეთი | 59%-ს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას -NDI 59%-ს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას -NDI – Netgazeti
RU | GE  

59%-ს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას -NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსახლეობის უმეტესობას, 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ჰქონდათ თუ არა გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდნენ ხმას, დიახ მხოლოდ გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, 3%-მა კი – “არ ვიცი”.

ამასთან, გამოკითხულები თავს იკავებენ კონკრეტული პარტიის დასახელებისგან, თუ ვის მისცემენ ხმს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

გამოკითხულთა 17%-მა “ქართული ოცნება”, 5-მა პროცენტმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 40%-მა აღნიშნულ კითხვაზე “არ ვიცი” პასუხი დააფიქსირა, 24%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 9%-მა თქვა, რომ მხარს არცერთ პარტიას არ უჭერს, 5%-მა კი სხვა პარტია დაასახელა, თუმცა გამომდიანრე იქიდან, რომ ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები ძალიან დაბალია, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ის არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება და კვლევაში ეს კომპონენტი არ ასახეს.

მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმას, 41% “ქართული ოცნების” ამომრჩეველია, 8 კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის. კითხვაზე პასუხის გაცემა 33%-მა არ ისურვა, არცერთი პარტია 3%-მა დაასახელა, 9-მ კი სხვა პარტია დაასახელა.

კვლევის ავტორების განცხადებით, არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული. ამავე დოკუმენტის მიხედვით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსახლეობის უმეტესობა, 56% დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება, თუმცა გარკვეული საკითხები მაინც იწვევს მოსახლეობის წუხილს.

კვლევის მიხედვით, მოქალაქეების მესამედი აცხადებს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამას მოსდევს დარღვევები ხმის მიცემის პროცედურებში, 15% და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, 13%.

აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.