თბილისში გასართობი დაწესებულებების ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მოთხოვნის შემდეგ დახურეს. პოლიცია ბარებსა და რესტორნებში 12 სექტემბრის ღამეს გამოცხადდა, “იზოლაციისა და კარანტინის დაწესების შესახებ” მთავრობის დადგენილებაში რამდენიმე დღით ადრე შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რომლებიც სოციალურ ღონისძიებებსა და ღამის კლუბების საქმიანობას ეხება.
მეტეხის ქუჩაზე მდებარე Sky Hall-ის მენეჯერის თქმით, პოლიციამ ობიექტის დახურვა ისე მოითხოვა, რომ შიგნით არ შესულა და რეგულაციებთან შესაბამისობაც არ შეუმოწმებია. მარიამ კაზარიანის თქმით, არ ესმის, რატომ მივიდნენ სამართალდამცავები მასთან, როცა Sky Hall-ს რესტორნის სტატუსი აქვს და არა ღამის კლუბის.
“არც ამოვიდნენ ზემოთ, არც ნახეს, დისტანცია გვქონდა დაცული თუ არა. გართობის სახე არ ჰქონდა ობიექტს, რადგან 3 თვის წინ იყო შესაბამისი რეგულაცია დადგენილი. ჯერ ერთი, უნდა დაეკეტათ ღამის კლუბის ობიექტები და ჩვენ ვართ რესტორანი. საერთოდ სხვა სეგმენტი ვართ. გვაქვს უფლება, რომ ვიმუშაოთ”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.
მენეჯერის თქმით, პოლიციის მისვლისას ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და როგორც სტუმრების, ისე პერსონალის მხრიდან რეგულაციები არ დარღვეულა.
“სრული ზარალი მივიღეთ. ამხელა პროდუქცია იყო ნაყიდი და წარმოდგენაც არ ჰქონდა პერსონალს, რომ დავიკეტებოდით. წერილობითი გაფრთხილებაც არ ყოფილა”, – ამბობს ის.
13 სექტემბრის საღამოს ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება “დედაენის ბარმა”, რომელის ასევე დაიხურა პოლიციის მოთხოვნით. ბარის წარმომადგენელთა თქმით, სამართალდამცავების ეს მოთხოვნა უკანონოა.
“მეგობრებო, გუშინ უკანონო კანონებით აღჭურვილმა პოლიციური სახელმწიფოს პოლიციის თანამშრომლებმა ბარის დაკეტვა გვაიძულეს.
ამ უსამართლობას არ შევეგუებით. გავიხსნებით როგორც კი ამის სამართლიან სამართლებრივ გზას გამოვნახავთ.
ვიბრძოლებთ და თქვენი გვერდში დგომის იმედი გვაქვს!”
ამავე მოთხოვნით მივიდნენ შსს-ს წარმომადგენლები ბარ “სახელოსნოში”. ბარის წარმომადგელის თქმით, უთხრეს, რომ თუ ობიექტს არ დახურავდნენ, დააჯარიმებდნენ, რის შემდეგაც “სახელოსნომ” მუშაობა შეაჩერა.
12 სექტემბრის ღამითვე მივიდა პოლიცია ლაუნჯ-ბარში “ბამბუ”. მენეჯერ გუჯა ფალავანდიშვილის თქმით, სამართალდამცავები რამდენიმე დღით ადრეც მივიდნენ შემოწმებაზე, ოღონდ მაშინ მხოლოდ მოუწოდეს, რომ ობიექტი უნდა დაეკეტათ.
“გუშინ პირდაპირ დაკეტვა უნდოდათ. სავსე დარბაზს რომ ორ წუთში ვერ დავკეტავდით და ხალხს სახლში ვერ გავუშვებდით, ნათელი იყო, შესაბამისად, დავითანხმეთ,რომ რამდენიმე საათით დაგვლოდებოდნენ”, – ამბობს ის.
ზემოთ ხსენებული ობიექტებისგან განსხვავებით, მუშაობას განაგრძობს “ხინკლის სახლიც” რუსთაველის გამზირზე, სადაც ასევე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა რესტორანი მხოლოდ რამდენიმე საათით იყო დაკეტილი.
“რამდენიმე ადამიანი ცეკვავდა ალბათ, ეს დაინახა პოლიციამ და მოგვთხოვა [რესტორნის დაკეტვა]. დღეს გავარკვიეთ და მოგვცეს ისევ გახსნის საშუალება, ოღონდ მხოლოდ კვების შემთხვევაში და არა ცეკვა და გართობა”, – ამბობს რესტორნის დირექტორი.
მთავრობის ადმინისტრაციასა და შსს-ში კონკრეტული ობიექტების დახურვისა და მათი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ თუ ობიექტები დაიხურა, “ესე იგი სათანადო ნორმები დაცული არ იყო”.
საქართველოს მთავრობის 23 მაისის დადგენილებაში ცვლილებები 9 სექტემბერს შევიდა. დოკუმენტის ძალით, 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალა. ასევე, შეიზღუდა 10-ზე მეტი პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია რიგ სოციალურ ღონისძიებებთან. მათ შორისაა ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.
ამასთან, ბრძანების მეექვსე მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვას ითვალისწინებს, დაემატა “გასართობი დაწესებულებების, ე.წ. ღამის კლუბების საქმიანობა”.
ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდა საქართველოში, ბოლო რამდენიმე დღეა, შეინიშნება. დღეს, 13 სექტემბერს, დაფიქსირდა ვირუსის 152 ახალი შემთხვევა.
