ახალი ამბები

რა მოუვიდა კოლესნიკოვას და რას ედავებიან მას – აქტივისტების ნაამბობი

9 სექტემბერი, 2020 • 796
რა მოუვიდა კოლესნიკოვას და რას ედავებიან მას – აქტივისტების ნაამბობი

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მარია კოლესნიკოვას, გამოძიება ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა რუსულ მედიას განუცხადა. პარალელურად, სხვა ოპოზიციონერი აქტივისტები, რომლებიც 8 სექტემბერს ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე მომხდარი ინციდენტისას კოლესნიკოვასთან ერთად იმყოფებოდნენ, ადასტურებენ ცნობას, რომ მან პასპორტი გაანადგურა, რათა ქვეყნიდან გაძევება აეცილებინა.

ადვოკატის თანახმად, კოლესნიკოვა ამჟამად ექვს ადამიანზე გათვლილ საკანში იმყოფება და “გონს მოდის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ”.

კოლესნიკოვა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრია, რომელიც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმდინარე აქციების პარალელურად შეიქმნა. საბჭო მალევე გახდა სახელმწიფო გამოძიების ობიექტი.

დღესვე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ადვოკატი მაქსიმ ზნაკი ნიღბიანებმა გაიტაცეს, მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩის სახლში კი უცნობმა პირებმა სცადეს შეჭრა.

მინსკის ცენტრიდან იზოლატორამდე – რა ხდება მარია კოლესნიკოვას გარშემო

თავდაპირველად,  7 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირებმა ბელარუსის აქციების ლიდერი მინსკის ცენტრიდან მინივენით გაიტაცეს.

მეორე დღეს, ბელარუსის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოლესნიკოვა 8 სექტემბერს, გამთენიისას დააკავეს მაშინ, როცა კიდევ ორ ოპოზიციონერთან – ივან კრავცოვთან და ანტონ როდნენკოვთან – ერთად ბელარუსიდან უკრაინაში მანქანით გადასვლას ცდილობდა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელმაც რუს ჟურნალისტებს მისცა ინტერვიუ, თქვა, რომ კოლესნიკოვა აღნიშნული მოვლენების დროს, საზღვრის კვეთის წესების დარღვევისთვის დააკავეს. რაც შეეხებათ როდნენკოვსა და კრავცოვს, ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ შეძლეს უკრაინაში გადასვლა.

თუმცა, გუშინვე, შუადღისას, კოლესნიკოვას შესახებ სრულიად განსხვავებული ცნობები გაავრცელეს სხვა, არასახელმწიფო გამოცემებმა და ადგილობრივმა აქტივისტებმა. ამ ინფორმაციის თანახმად, ოპოზიციონერ ლიდერს ძალით ატოვებინებდნენ ბელარუსს, რის თავიდან ასაცილებლადაც მან საზღვარზე პასპორტი გაანადგურა.

ინფორმაცია იძულებითი გაძევების შესახებ როდნენკოვმა და კრავცოვმა 9 სექტემბერს, უკრაინაში გამართული პრესკონფენრეციისას დაადასტურეს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც მინსკში კოლესნიკოვას გაუჩინარების ამბავი შეიტყვეს, მისი სახლისკენ გაემართნენ. როცა სახლთან მივიდნენ, მათი განცხადებით, დააპატიმრეს.

Meduza-ს თანახმად, როდნენკოვი და კრავცოვი ყვებიან, რომ დაკავების შემდეგ საგამოძიებო დეპარტამენტში გადაიყვანეს, სადაც ოფიცრები კრავცოვს დაემუქრნენ, რომ პირადად მის წინააღმდეგ საქმეს აღძრავდნენ იმ შემთხვევაში, თუ მარია კოლესნიკოვას ავტომანქანით ბელარუსიდან არ გაიყვანდა ქვეყანაში ვითარების “დეესკალაციისთვის”.

“გრძელი საუბარი გვქონდა და ბოლოს თქვეს, რომ მარია კოლესნიკოვას საზღვართან მოიყვანდნენ. გავაცნობიერე, რომ მათ მისი ძალით გაძევება სურდათ”, – ყვება კრავცოვი.

ამის შემდეგ, ძალოვნებმა კრავცოვი და როდნენკოვი მინიბასით მიიყვანეს უკრაინის საზღვრამდე. კრავცოვის მანქანა, რომლითაც მანამდე ოპოზიციონერები კოლესნიკოვას სახლთან მივიდნენ, ძალოვნებს ბელარუსსა და უკრაინას შორის, ნეიტრალურ ტერიტორიაზე განეთავსებინათ. ორივე მათგანი ამ მანქანაში ჩასვეს. ტერიტორიაზე მალევე მიიყვანეს მარია კოლესნიკოვაც, რომელიც ასევე ჩასვეს მანქანაში.

“როცა მანქანაში ჩაჯდა და იქ თავისი პასპორტი დაინახა, სწრაფად აიღო და პატარა ნაწილებად დახია, რომლებიც ფანჯრიდან გადაყარა”, – ყვება როდნენკოვი კოლესნიკოვაზე.

როცა ძალოვნებმა გააანალიზეს, რომ კოლესნიკოვა ნეიტრალური ზონიდან უკრაინის საზღვარზე უპასპორტოდ ვერ გადავიდოდა, მის დაკავებას შეეცადნენ, თუმცა კოლესნიკოვამ ავტომობილიდან გადასვლა იქამდე მოასწრო, სანამ კრავცოვი, რომელიც საჭესთან იჯდა, უკრაინის მიმართულებით სწრაფად განაგრძობდა სვლას.

ოპოზიციონერების მონაყოლით, ასე აღმოჩნდნენ როდნენკოვი და კრავცოვი უკრაინაში, კოლესნიკოვა კი, რომელიც ბელარუსიდან ვერ გააძევეს, ძალოვნებმა საზღვართან დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინისკენ მიმავალი ავტომობილიდან გადმოხტა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ მოიმოქმედეს იგივე, რაც კოლესნიკოვამ გააკეთა გაძევების თავიდან ასაცილებლად, როდნენკოვმა და კრავცოვმა უპასუხეს, რომ კოლეგისგან განსხვავებით, სხარტი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

“ამირომაც არის ის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მე კი – [უბრალოდ] პრესმდივანი”, – თქვა როდნენკოვმა.

ალექსიევიჩის თქმით, ნიღბიანებმა მის სახლში შეჭრა სცადეს

მასალების გადაბეჭდვის წესი