ახალი ამბები

“ოსკარი” საუკეთესო ფილმის კატეგორიისთვის ახალ სტანდარტებს აწესებს

9 სექტემბერი, 2020 •
“ოსკარი” საუკეთესო ფილმის კატეგორიისთვის ახალ სტანდარტებს აწესებს

ამერიკის კინოაკადემია “ოსკარის“ საუკეთესო ფილმის კატეგორიისთვის ახალ სტანდარტებს  აწესებს.

სტანდარტები ეკრანსა და ეკრანს მიღმა „ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისა“ და ეთნიკური და  რასობრივი უმცირესობების  წარმომადგენლების სავალდებულო მონაწილეობას შეეხება. ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებში აკადემია ქალებს, ფერადკანიანებს, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მოიაზრებს. 

2024 წლიდან „ოსკარის“  საუკეთესო ფილმის კატეგორიის ნომინანტებისთვის სავალდებულო  4 ახალი  სტანდარტიდან  2-ის  დაკმაყოფილება გახდება. 

ახალი სტანდარტები ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისა და ეთნიკური და რასობრივი უმცირესობების  მონაწილეობას უშუალოდ ფილმში,  გადამღებ ჯგუფში, სტუდიასა და  ფილმის განვითარება-გავრცელების პროცესში ითვალისწინებს.   

 სტანდარტები 4 მიმართულებით იმოქმედებს და თითოეულ მათგანს  დეტალური ქვეკატეგორიები გააჩნია: 

  1. ეკრანზე რეპრეზენტაცია, თემები და ნარატივები

წამყვანი სიუჟეტური ხაზი, თემა ან ნარატივი ფოკუსირდებოდეს ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებზე;

 მთავარი როლის ან მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობებიდან მინიმუმ ერთი მაინც  მიეკუთვნებოდეს ეთნიკურ ან რასობრივ უმცირესობას; მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობების მინიმუმ 30% იყოს ორი ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფის წევრი. 

  1. შემოქმედებითი ხელმძღვანელობა და პროექტის გუნდი

შემოქმედებითი ხელმძღვანელებისა და დეპარტამენტების უფროსების მინიმუმ 2 წევრი ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებს, მინიმუმ ერთი კი ეთნიკურ და რასობრივ უმცირესობას განეკუთვნებოდეს; გადამღები ჯგუფისა და ტექნიკური გუნდის მინიმუმ 6 წევრი მიეკუთვნებოდეს რასობრივ და ეთნიკურ უმცირესობას; გადამღები ჯგუფის წევრების 30 პროცენტი ოყოს ნაკლებად  წარმოდგენილი ჯგუფებიდან.

  1. ტრენინგების შესაძლებლობები და უნარების განვითარება 

ფილმის სადრისტრიბუციო ან დამფინანსებელმა კომპანიამ გაიღოს ხარჯები ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების წევრების  სტაჟირებებისა და ტრენინგებისათვის.

  1. აუდიტორიის განვითარება

მარკეტინგის, დისტრიბუციისა და რეკლამის პროცესში ჩართული იყოს ნაკლებად წარმოდგენი ჯგუფებისა და რასობრივი და  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. 

როგორც ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ,  სტანდარტები მიზნად  მსოფლიო მოსახლეობის მრავალფეროვნების ასახვასა და ინდუსტრიის არსებით ცვლილებას ისახავს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი