ახალი ამბები

20 ივნისს დაშავებული ჯანდაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს

8 სექტემბერი, 2020 •
20 ივნისს დაშავებული ჯანდაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს

2019 წლის 20 ივნისის ღამის ერთ-ერთი დაზარალებული, დემეტრე ნაყოფია, რომელსაც აქციის დაშლისას მარცხენა თვალი დაუზიანდა, აცხადებს, რომ მკურნალობის გაგრძელებას სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი გულგრილობის გამო ვერ ახერხებს. კერძოდ, ნაყოფია ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, ავთანდილ თალაკვაძის მხრიდან გამოჩენილ უყურადღებობაზე საუბრობს.

როგორც ნაყოფია “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, მისი ინფორმაციით, სწორედ ავთანდილ თალაკვაძის პასუხისმგებლობაა მის მკურნალობასთან დაკავშირებული დეტალების მოგვარება, მათ შორის უცხოეთში გამგზავრებისთვის საჭირო პროცედურების შესრულება და დაშავებულების ინფორმირებულობა.

“შარშან, 20 ივნისის შემდეგ, თბილისში კლინიკაში ყოფნისას სწორედ თალაკვაძე მოვიდა ჩემთან და დამპირდა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ის აიღებდა და ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მას უნდა დავკავშირებოდი. მეც მხოლოდ მისი ნომერი მქონდა და პანდემიის დაწყებამდეც მასთან ვკონტაქტობდი, თუმცა დაახლოებით მეშვიდე თვეა ვცდილობ დაკავშირებას, ხან მივწერეთ, ხან დავურეკეთ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში გვპასუხობს. არც ჯანდაცვის სამინისტროდან დაგვკავშირებია ვინმე, რომ ოფიციალურად განემარტათ მიზეზები”, – განაცხადა ნაყოფიამ.

დემეტრე ნაყოფია

ფოტო: კადრი ტელეკომპანია “იმედიდან”

ნაყოფიას თქმით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან მხოლოდ მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც მან ცოტა ხნის წინ ფეისბუკზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც თალაკვაძის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა:

“სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში დედაჩემს დაურეკეს და უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ გერმანიაში წასვლის შემოთავაზება შეეძლოთ, რაზეც მე უარი ვთქვი, რადგან მკურნალობა ისრაელში მაქვს დაწყებული, იქ მყავს ჩემი მკურნალი ექიმი და არ ვიცი რას გააკეთებენ გერმანიაში, მხედველობის შენარჩუნების ამბავი ისედაც დიდი რისკის ქვეშაა და ყველას ვერ ვენდობი”, – განმარტა ნაყოფიამ “ნეტგაზეთთან”.

ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად “ნეტგაზეთი” ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსაც დაუკავშირდა. უწყებაში განმარტეს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე მათ აქტიური კონტაქტი აქვთ დაზარალებულებთან და “ნაყოფია გამონაკლისი არ იქნებოდა”. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, დემეტრე ნაყოფიას მიერ სტატუსის გამოქვეყნებამდე სამინისტროდან არ დაკავშირებიან კიდევ ერთ დაშავებულს, რომელიც ასევე ისრაელში გადიოდა მკურნალობის კურსს. სტატუსის დაწერის შემდეგ კი რამდენიმე დღეში დაშავებულს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრიდან დაუკავშირდნენ და მკურნალობის გაგრძელება მასაც გერმანიაში შესთავაზეს, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულ პირს გერმანიაში მკურნალობის გაგრძელება არ სურს.

ცენტრის პრესსამსახურში ასევე განგვიმარტეს, რომ 20 ივნისს დაშავებული ადამიანების მკურნალობასთან დაკავშირებული დეტალების კოორდინირება მხოლოდ ცენტრის უფროსის, ავთანდილ თალაკვაძის პასუხისმგებლობა არ არის და ამაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს აქვს აღებული. უწყების განმარტებით, სამსახური იღებს პასუხისმგებლობას, რომ შემთხვევებისგან დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგი გაუწიონ, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში იმკურნალებენ ისინი და ა.შ. თუმცა პაციენტების გაგზავნაზე უშუალოდ ცენტრი არ არის პასუხისმგებელი.

ნაყოფია უარყოფს ცენტრის მიერ “ნეტაგზეთისთვის” მიწოდებული ინფორმაცია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მას დაუკავშირდნენ. მისი განცხადებით არც ჯანდაცვის სამინისტროდან და არც კონკრეტულად ცენტრიდან არავინ დაკავშირებია და იმას, რომ სამკურნალოდ ვერ წავიდოდა, მხოლოდ “თალაკვაძის უპასუხო ზარებით” ხვდებოდა.

ამასთან, ნაყოფიას დედამ, მედეა ფიფიამ “ნეტგაზეთს”აჩვენა ავთანდილ თალაკვაძესთან მიმოწერაც, სადაც ჩანს, რომ ფიფია თალაკვაძეს იანვრის თვიდან წერს, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელს არც ერთ მიწერილზე არ დაუბრუნებია პასუხი.

ნაყოფიას თქმით, ის თალაკვაძესთან დაკავშირებას ჯანდაცვის სამინსიტროში ვიზიტითაც შეეცადა, თუმცა ადგილზე უთხრეს, რომ თალაკვაძე ოფისში თითქმის არასდროსაა და მასთან შეხვედრას ვერ მოახერხებდა.

“ნეტგაზეთი” ასევე შეეცადა უშუალოდ ავთანდილ თალაკვაძესთან დაკავშირებას. ცენტრის ხელმძღვანელმა ზარზე არ გვიპასუხა, თუმცა მალევე მოგვწერა, რომ პრესსამსახური დაგვიკავშირდებოდა. ცენტრის პრესსამსახურში კი განმარტეს, რომ აღნიშნულ საკითხზე ცენტრის უფროსი კომენტარს არ აკეთებს.

რაც შეეხება ისრაელში სამკურანლოდ გამგზავრების საკითხს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განმარტებით, ამ ეტაპზე ისრაელსა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენები არ არის, რის გამოც ისინი ვერც ნაყოფიას და ვერც სხვა დაშავებულების გადაყვანას ვერ უზრუნველყოფენ. თუმცა, სააგენტოს ცნობით, რეგულარული ფრენების აღდგენისთანავე დაშავებულები ისრაელში მკურნალობის გაგრძელებას შეძლებენ.

ნაყოფიას თქმით, ის ისრაელში სამკურნალოდ ბოლოს დეკემბერში იყო, შემდეგი ვიზიტი კი მარტში ჰქონდა დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიას ბადურის გადანერგვის და პლასტიკური ოპერაციები უნდა ჩატარებოდა. ნაყოფიას განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში მისი თვალის მდგომარეობა ნელ-ნელა რთულდება და იმ შემთხვევაში თუ ვერ მოახერხებს მკურნალ ექიმთან წასვლას, შესაძლოა მხედველობის აღდგენასთან დაკავშირებული შანსებიც გაქრეს.


შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი დაუკავშირდა დამატებითი ინფორმაციის მოწოდების მიზნით.

“გერმანიასთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთანავე, სახელმწიფომ უზრუნველყო დაშავებულთაგან 3 პირის გერმანიაში გამგზავრება მკურნალობის გასაგრძელებლად. მათგან ორი ადამიანი უკვე დაბრუნდა ქვეყანაში, ერთი ამჟამადაც აღნიშნულ ქვეყანაში იმყოფება. ამავდროულად, ასევე იგეგმება კიდევ 2 მოქალაქის გერმანიაში გამგზავრება”, – აცხადებს ცენტრი და  დასძენს, რომ დემეტრე ნაყოფიას ისრაელში მკურნალობის გაგრძელება  შესაძლებელი იქნება ფრენების აღდგენისთანავე, მანამდე კი გერმანიაში მკურნალობა შესთავაზეს. [რაც მანადეც იყო აღნიშნული სტატიაში]. ამასთან, ცენტრი ავრცელებს შემდეგ ინფორმაციას:

“დემეტრე ნაყოფიას მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინიტრო და “ფონდი ქართუ” აფინანსებს. ამ დრომდე, მისი მკურნალობისთვის ჯამში 256 147 ლარი დაიხარჯა”.

2019 წლის 20 ივნისს აქცია თბილისში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის გამო დაიწყო. მოგვიანებით ეს აქცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც 240-მდე ადამიანი დაშავდა. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა, რამდენიმემ – მხედველობა. სახალხო დამცველის მიერ 2020 წლის 30 მარტს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიხედვით პროკურატურამ მოგვიანებით დაზარალებულად ცნო 67 სამართალდამცველი და 8 სამოქალაქო პირი.

მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე დაშავებული ადამიანების დიდ ნაწილს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს, ფონდმა “ქართუმ” მათი მკურნალობის ხარჯების დაფარვა საკუთარ თავზე აიღო, სახელმწიფომ კი მათ მკურნალობის პროცესში დახმარება შესთავაზა.

“ღია საზოგადოების ფონდის” ინფორმაციით, მათ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 20-21 ივნისს 275 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (არაოფიციალური ცნობებით მათი რისცხვი 40-მდე აღწევს) და 73 პოლიციელი.

გარეკანის ფოტო © ტელეკომპანია იმედი

20 ივნისი – ბიძგი პოლიტიკური ცვლილებებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი