ახალი ამბები

ჩეჩნეთში 19 წლის აქტივისტზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს

8 სექტემბერი, 2020 • 1382
ჩეჩნეთში 19 წლის აქტივისტზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს

ჩეჩნეთში 19 წლის ოპოზიციონერ აქტივისტზე სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს 19 წლის ბიჭი, ინიციალებით ს.ტ.. რომელიც მისი ოპოზიციური აქტივობის გამო საჯაროდ იხდის ბოდიშს და, რომელსაც, სავარაუდოდ, მუქარის ფონზე, აიძულებენ, საკუთარი თავის დასასჯელად ბოთლზე თავად დაჯდეს.

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახური, „კავკაზ რეალიი“ წერს, ტელეგრამ-არხ 1ADAT-ის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა მათ დაუდასტურა, რომ ს.ტ. ოპოზიციონერი აქტივისტი და ამ არხის ჩატის მოდერატორი იყო.

როგორც „კავკაზ რეალიი“ წერს, მათმა რედაქციამ კომენტარისთვის მიმართა ჩეჩნეთის ომბუდსმენის ოფისს, სადაც უთხრეს, რომ ომბუდსმენის აპარატი საქმის კურსშია ინციდენტის შესახებ, მაგრამ „არც თავად დაზარალებულს და არც მის ოჯახს არ მიუმართავთ ოფისისთვის“.

წლების განმავლობაში ჩეჩნეთის მოსახლეობას სხვადასხვა საკითხის გამო იძულებით საჯაროდ ბოდიშის მოხდის არაერთი შემთხვევა უნახავს. მაგალითად, 2020 წლის აპრილში, 8 თინეიჯერს მოახდევინეს ბოდიში ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკის გამო; 2019 წლის აგვისტოში, 16 წლის ბიჭს მოახდევინეს ბოდიში ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკის გამო და ა.შ..

ოპოზიციონერმა ბლოგერმა თუმსო აბდურაჰმანოვმა, რომელიც ამჟმად ევროპაში იმყოფება, ამ შემთხვევას უწოდა „წარმოუდგენელი მოვლენა კადიროვის ჩეჩნეთისთვისაც კი“:

„თუკი აქამდე ისინი განსხვავებული აზრის გამო გვაწამებდნენ, გვაპატიმრებდნენ შეთითხნილი ბრალდებებით, გვაიძულებდნენ საჯაროდ ბოდიშის მოხდას, გვდევნიდნენ რესპუბლიკიდან, გვხოცავდნენ და ღამით, სიბნელეში … გვმარხავდნენ, … ახლა „კადიროვცებმა“ ახალი სიმაღლე დაიპყრეს“, – ამბობს იგი.

გამოცემა წერს, რომ მიმართეს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

1ADAT-ი დაახლოებით 5-6 თვეა, არსებობს; მისი წევრები, რომლებიც საკუთარ თავს კადიროვის რეჟიმთან მებრძოლებს უწოდებენ და რომელთა უმრავლესობაც სავარაუდოდ ჩეჩნეთში ცხოვრობს, ანონიმურად ავრცელებენ ინფორმაციას და, როგორც ამბობენ, ეხმარებიან რეჟიმის მსხვერპლებს. მათ არაერთხელ აქვთ გავრცელებული ინფორმაცია ადამიანების გატაცებების შესახებ.

ჩეჩნეთში კადიროვის „საჯაროდ მონანიების/შერცხვენის“ პოლიტიკასა და რეპრესიულ რეჟიმზე გირჩევთ:

ჩეჩნეთში ქალი, სავარაუდოდ, მოკლეს – კადიროვმა მის დედას ბოდიში მოახდევინა

მასალების გადაბეჭდვის წესი