ახალი ამბები

ჩეჩნეთში ქალი, სავარაუდოდ, მოკლეს – კადიროვმა მის დედას ბოდიში მოახდევინა

26 ივნისი, 2020 • 4257
ჩეჩნეთში ქალი, სავარაუდოდ, მოკლეს – კადიროვმა მის დედას ბოდიში მოახდევინა

ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში 23 წლის ქალი, მადინა უმაევა, სავარაუდოდ, ქმარმა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა, არაერთგზის ძალადობის შემდეგ მოკლა, – იუწყება ადგილობრივი მედია.

დაღუპულის დედამ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს შვილის სავარაუდო მკვლელობის გამოძიების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც კადიროვმა დაღუპულის დედასა და ძმას საქვეყნოდ მოახდევინა ბოდიში.

მადინა უმაევასა და მისი ოჯახის ამბავმა კიდევ ერთხელ შეახსენა ფართო საზოგადოებას რუსეთის კანონმდებლობის ამ დრომდე გამოუსწორებელი ხარვეზები და ჩეჩნეთში რამზან კადიროვის განსაკუთრებით რეპრესიული მმართველობის წნეხი:

  • ქვეყანაში ოჯახში ძალადობა 2017 წლიდან დეკრიმინალიზებულია, რაც ართულებს დანაშაულზე რეაგირებას და ქალებს ძალადობისა და ფემიციდის წინაშე დაუცველს ტოვებს;
  • საჯაროდ მონანიება/„შერცხვენა“ პოლიტიკური თუ პატრიარქალური დომინირების გავრცელებული იარაღია ჩეჩნეთში, სადაც ადამიანის ფუნდამეტური უფლებები სისტემატურად ირღვევა;

***

23 წლის მადინა უმაევა, რომელიც ქმართან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა ჩეჩნეთის სიდიდით მეორე ქალაქ გუდერმესში, 2020 წლის 12 ივნისს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და იმავე ღამეს დაკრძალეს.

მეზობლების თანახმად, მადინას გარდაცვალებამდე სახლიდან ყვირილის ხმა გამოდიოდა. სახლში რამდენჯერაც მივიდნენ, დედამთილმა უკან გააბრუნა და უთხრა, რომ არაფერი ხდებოდა. მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ ქმარი მადინას ფიზიკურად უსწორდებოდა.

ამ ეჭვს წარსული გამოცდილებაც ამძაფრებდა: მადინას დედის, ხუტმატ დავლეტმირზაევას თქმით, მადინა რამდენიმე დღით ადრე მასთან იყო მისული ღამის გასათევად, რა დროსაც დაიჩივლა, რომ ქმარი სცემდა ხოლმე.

ამასთან, მეზობლების თანახმად, დაღუპულის ქმარი და დედამთილი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მან 20,000 რუბლი (დაახლოებით 290 დოლარი) ტელევიზორის შესაძენად დახარჯა.

ქმარი, ვისხაჯი ხამიდოვი მკვლელობის ვერსიას უარყოფს და ამბობს, რომ ცოლის გარდაცვალებისას სახლში საერთოდ არ იმყოფებოდა; ოფიციალური ვერსიით, ქალი „არაძალადობრივი გზით გარდაიცვალა“, თუმცა მისი გარდაცვალების მოწმობა არ არსებობს და დაკრძალვამდე გვამის ექსპერტიზაც არ ჩატარებულა.

მოკლულის ქმარი, ვისხაჯი ხამიდოვი

თუმცა მადინა უმაევას უჩვეულოდ სწრაფად დაკრძალვამ გაამძაფრა ეჭვი, რომ ოჯახში ძალადობას ემსხვერპლა — ის იმავე ღამით დაკრძალეს.

მადინას სამი არასრულწლოვანი შვილი — ორი გოგო და ერთი ბიჭი — დარჩა. ბებიის მონათხრობის თანახმად, რასაც „რადიო თავისუფლების“ ჩრდილოკავკასიური სამსახური, „კავკაზ რეალიი“ გადმოსცემს, ერთ-ერთმა მათგანმა დედის გარდაცვალების შემდეგ უთხრა: „რომ გენახა, რამდენი სისხლი წამოუვიდა დედას“…

ამასთან, როგორც გამოცემა იუწყება, მეზობლების თქმით, მისი სხეული დაკრძალვამდე ექიმებს არ გაუსინჯავთ.

„ეპილეფსია“?

როგორც „რადიო თავისუფლების“ ჩრდილოეთ კავკასიის ბიურო იუწყება, დაღუპულის დედამთილი, გუმსეტ ხამიდოვა ამბობს, რომ მადინა უმაევა ეპილეფსიით იყო დაავადებული, ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა და კიბეზე დაეცა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. იმამი კი, რომელიც დაკრძალვაში იღებდა მონაწილეობას, ამბობს, რომ სწრაფად დაკრძალვის გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო იქნა მიღებული. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ ქალი არაძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა…

თუმცა გარდაცვლილის დედა, ხუტმატ დავლეტმირზაევა ასევე ამბობდა, რომ მის შვილს ეპილეფსია ან რაიმე სხვა ქრონიკული დაავადება არ ჰქონია, რის გამოც შეიძლებოდა მომკვდარიყო.

ხუტმატ დავლეტმირზაევამ ღიად გამოთქვა ეჭვი, რომ სამართალდამცავები ხელს აფარებდნენ მადინას ქმარს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა. ამას დაემატა სახელმწიფო ტელევიზია „გროზნო ტვ-ის“ მიერ სიუჟეტის მომზადება, სადაც განვითარებული იყო ვერსია, რომ მადინა ეპილეფსიის შეტევით გარდაიცვალა…

„ცოცხლად დამარხეს“?

შვილის გარდაცვალებიდან მალევე ხუტმატ დავლეტმირზოევამ გაავრცელა აუდიოშეტყობინება, სადაც მომხდარისა და მისი ეჭვების შესახებ ჰყვებოდა და ჩეჩნეთის მმართველს, რამზან კადიროვს, შვილის სიკვდილის გამოძიება საჯაროდ სთხოვა.

მოსახლეობის მიერ სოციალურ ქსელებში გამოხატული პროტესტის ფონზე, ჩეჩნეთის მთავარმა პროკურორმა ერთი კვირის თავზე დაიწყო საქმის გამოძიება. 20 ივნისს საგამოძიებო კომიტეტმა უმაევას სხეულის ექსჰუმაცია მოახდინა.

მადინა უმაევა

მოგვიანებით, მადინა უმაევას დედამ, ხუტმატ დავლეტმირზაევამ გამოცემა „კავკაზსკი უზელს“ უთხრა, რომ მადინას სუდარას, — ეს უკვე ცხედრის ექსჰუმაციისას, — სისხლის კვალი ეტყობოდა, იმის მიუხედავად, რომ დაკრძალვამდე მისი სხეული განბანეს.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, გაჩნდა კიდევ ერთი ეჭვი, რომ შესაძლოა მადინა უმაევა ცოცხლადაც კი დაემარხათ: როგორც „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ იურისტი, აბუბაქარ აინგულბაევი ამბობს „კავკაზ რეალიისთან“, ამას იმიტომ ფიქრობს, რომ სისხლისდენა ცოცხალი ორგანიზმისთვის უფროა დამახასიათებელი…

თუმცა, ამავე გამოცემის ცნობით, ჩეჩნეთის პროკურორმა შარპუდი აბდულ-კადიროვმა განაცხადა, რომ სისხლი, რომელიც უმაევას სუდარაზე აღმოჩნდა ექსჰუმაციისას, „გახრწნის შედეგი“ იყო…

საჯარო მონანიება

გამოცემა იუწყება, რომ 23 ივნისს ჩეჩნეთის მმართველმა, რამზან კადიროვმა შეხვედრა მოაწყო გუდერმესის მერიის შენობაში, სადაც დაღუპულის დედა და ძმა მიიყვანეს. კადიროვმა გამოაცხადა აუტოფსიის ოფიციალური შედეგები და თქვა, რომ ძალადობის კვალი სხეულზე ვერ აღმოაჩინეს; შესაბამისად, გარდაცვალების ოფიციალური ვერსია კვლავ იგივე რჩება — „არაძალადობრივი სიკვდილი“.

ამასთან, კადიროვმა, რომელსაც დაღუპულის დედამ გამოძიების თხოვნით მიმართა, მას და დაღუპულის ძმას ბოდიში მოახდევინა. ხუტმატ დავლეტმირზაევამ ასევე თქვა, რომ იჩქარა დასკვნების გამოტანა. რომ აცნობეს, მისი სიძის და შვილის სახლიდან ყვირილის ხმები გამოდიოდა, მის გამო გაუჩნდა მკვლელობაზე ეჭვი.

კადიროვმა, თავის მხრივ, მკაცრად გააკრიტიკა გარდაცვლილის დედა „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელების გამო. OC Media-ს ცნობით, მან შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„შენს ქალიშვილს საფლავში ხრწნა ჰქონდა დაწყებული და შემდეგ, იმის გამო, რომ მიწიდან ამოიღე, არ მიეცი ამის საშუალება. ახლა, შენ გამო, ის მორგში წევს და მას ორგანოებს აცლიან, აცლიან ღვიძლს, აცლიან გულს — ჭრიან მის მთელ სხეულს“…

კადიროვმა გააკრიტიკა დაღუპულის ძმა იმიტომ, რომ „დას ყურადღება არ მიაქცია“ და მანაც ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ დას „თვალყურს არ ადევნებდა“.

ამავე გამოცემის თანახმად, ბოლოს კადიროვმა დავეტმირზაევას მოსთხოვა ეთქვა, პირველად ვინ გაუჩინა მკვლელობაზე ეჭვი და გააფრთხილა, რომ მისი ტელეფონის ბოლო 6 თვის ჩანაწერებს შეამოწმებდნენ და მაინც გაიგებდნენ:

კადიროვმა ასევე ბრძანა, რომ დაღუპულის მცირეწლოვანი შვილები, რომელიც ბებიას ჰყავდა წამოვყანილი, ქმართან დააბრუნონ.

სამშაბათსვე, 23 ივნისს, მერიაში ამ შეხვედრის ამსახველი 30-წუთიანი ვიდეო სახელმწიფო ტელევიზია „გროზნო ტვ-ზე“ გავიდა…

„ბოდიში ყველაფრისთვის“

მადინა უმაევასა და მისი ოჯახის ამბავმა კიდევ ერთხელ წამოსწია წინ ორი მძიმე საკითხი, რაც, ერთი მხრივ, რუსეთის კანონმდებლობას, მეორე მხრივ კი, რამზან კადიროვის რეპრესიულ მმართველობას უკავშირდება — საჯარო შერცხვენის პრაქტიკა.

ბოლო წლების განმავლობაში ჩეჩნეთის მოსახლეობას, მათ შორის „გროზნო ტვ-ის“ ,კადიროვისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდის არაერთი შემთხვევა უნახავს. რამდენიმე ასეთ შემთხვევაზე BBC-იც გვიამბობს:

2017 წლის მაისში გროზნოს მცხოვრების, იახა ბეკსულთანოვას საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაიწვა, რის შედეგადაც მისი ორი მეზობელი დაშავდა. მეორე დღეს იახამ ინსტაგრამი გახსნა და რამზან კადიროვის ანგარიშზე (რომელიც ახლა უკვე წაშლილია) კომენტარით სთხოვა მათი დახმარება:

„ძვირფასო რამზან ახმატოვიჩ, დიდი თხოვნა მაქვს: გაიგონეთ ჩვენი ტკივილი და მოგვეშველეთ მსხვერპლთათვის სამედიცინო დახმარებით“…

იახა ბეკსულთანოვა. სქრინშოტი „გროზნო ტვ-დან“

რამდენიმე საათში იახა ბეკსულთანოვა უკვე „გროზნო ტვ-ზე“ იყო, მის შესახებ სიუჟეტის ავტორმა კი მის კომენტარს სიცრუე უწოდა, — „ტყუილი, რომელიც ჩეჩნეთის მტრებს ეხმარება“. ჩეჩნეთის ჯანდაცვის მინისტრმა ელხან სულეიმანოვმა მას კადიროვის შეურაცხყოფაში დასდო ბრალი.

მოქალაქეს, რომელსაც მეზობლების დახმარება სურდა, ბოდიში მოახდევინეს: „არ მქონდა ინფორმაცია და მეგონა, რომ ხალხის დასახმარებლად არაფერი კეთდებოდა. დღეს ვხედავ, რომ ძალიან ბევრი რამე კეთდება“…

რას ემსახურება ეს პრაქტიკა?

როგორც BBC წერს, „მესიჯი“ ცხადი იყო: „თუკი ჩეჩნეთში რამეზე იჩივლებ/უკმაყოფილებას გამოხატავს, მოემზადე, რომ ამისთვის ბოდიშს მოგახდევინებენ“…

მსგავსი შემთხვევები მართლაც ხშირია: სულ რამდენიმე თვის წინ, 2020 წლის აპრილში, 8 თინეიჯერს მოახდევინეს ბოდიში ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკის გამო; 2019 წლის აგვისტოში, 16 წლის ბიჭს მოახდევინეს ბოდიში ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკის გამო და ა.შ.

რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის მმართველობა 2007 წელს ჩაიბარა, 3 წელიწადში მას შემდეგ, რაც მამამისი, ახმატ კადიროვი ააფეთქეს. რამზან კადიროვმა შიდა პოლიტიკურ ველში გავლენის გაძლიერების შემდეგ კიდევ უფრო გაამყარა რესპუბლიკის ავტორიტარული მმართველობა. როგორც BBC წერს, „მან სრულად ჩაიგდო ხელში მედია და წინააღმდეგობის ყველა ფორმა ჩაახშო“.

ამისთვის გამოყენებულ საშუალებებს შორის უფლებადამცველები ასახელებენ მუქარას, გაუჩინარებებს (რაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქვიარ ადამიანების შესახებ სამი წლის წინ გავრცელებულმა ცნობებმა), ბოლო წლებში კ, ტელევიზიით გადაცემული „მონანიებებს“.

როგორც „გარდიანი“ წერს, ამ უმკაცრესი და გახშირებული რეპრესიების მიზანია, არ დაავიწყოს ჩეჩნეთის მოსახლეობას კადიროვის ტოტალური კონტროლი, რომელიც, ამავე დროს, მიზნად ისახავს ნებისმიერი უარყოფითი ინფორმაციის გავრცელების პრევენციას ჩეჩნეთიდან, რამაც შესაძლოა, რუსეთის მხარდაჭერას წყალი შეუყენოს.

დეკრიმინალიზებული ძალადობა

„საჯარო შერცხვენის“ პრაქტიკის სიმძმის გარდა, მადინა უმაევას ამბავმა კიდევ ერთხელ გაახსენა საზოგადოებას რუსეთის კანონმდებლობის ხარვეზი — ოჯახში ძალადობის კრიმინალიზების საჭიროება.

Human Rights Watch-ის 2017 წლის მონაცემების თანახმად, ოფიციალური სტატისტიკა უჩვენებს, რომ ძალადობრივი დანაშაულების 40% ოჯახშია ჩადენილი.

„2013 წელს ერთ-ერთი კვლევა უჩვენებდა, რომ რუსეთში ქალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების 80% ქმრების ან პარტნიორების მიერაა ჩადენილი; ყოველდღიურად 36,000-დე ქალზე და 26,000-მდე ბავშვზე ძალადობენ“.

ამ მძიმე რეალობას მიუხედავად, ვლადიმერ პუტინმა 2017 წლის 7 თებერვალს ხელი მოაწერა დუმის მიღებულ კანონს, რომლითაც ოჯახში ძალადობის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რაც ართულებს დანაშაულზე რეაგირებას და ქალებს ძალადობისა და ფემიციდის წინაშე დაუცველს ტოვებს.

როგორც OC Media წერს (ეს გამოცემა აქტიურად აშუქებს ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებს), ბოლო 10 წელიწადში კანონპროექტები ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით 40-ჯერ წარედგინა რუსეთის სახელმწიფო დუმას, თუმცა არასდროს მიუღწევია პლენარულ განხილვამდე ან საკომიტეტო მოსმენებამდე.

2019 წელს რუსეთის სახალხო დამცველმა, ტატიანა მოსკაკლოვამ პირობა დადო, რომ სწრაფად მიიღებოდა კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, თუმცა მისი განხილვა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი