ახალი ამბები

ბოკერია ახლა ისე მაინტერესებს როგორც ტანზანიაში სორგოს მოსავალი – ვაშაძე

7 სექტემბერი, 2020 • 1778
ბოკერია ახლა ისე მაინტერესებს როგორც ტანზანიაში სორგოს მოსავალი – ვაშაძე

“გიგა ბოკერია ახლა ისე მაინტერესებს, როგორც – ტანზანიაში სორგოს მოსავალი”, – ეს განცხადება ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა ტვ პირველის ეთერში.

“მე ვლაპარაკობ საქართველოს მე-3 პრეზიდენტზე და იმაზე რაც მოქალაქეს აინტერესებს. საქართველოს მოქალაქეს კი აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური აქტორისგან უნდა, გაიგოს, რომ [ამომრჩევლის] სოციალური შეკვეთა გაითავისა”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძე გადაცემაში საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მიმართვაზე, რომელიც ექსპრეზიდენტმა საღამოს გაავრცელა. ვაშაძე აცხადებს, რომ მას არ აინტერესებს ოპონენტების კრიტიკული განცხადებები ენმ-ს და სააკაშვილის მისამართით.

“აბსოლუტურად არ მაინტერესებს არც მათი ბროშურა არც მათი განცხადებები. მთავარია, ევროპული საქართველო როგორც ყველა პარტია გადაერთოს იმაზე, რომ არ იყოს ოლიგარქიული, ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა. დანარჩენი – თავისი ჭკუით რა ხერხს მიმართავენ ამისთვის, აბსოლუტურად არ მაინტერესებს”, – აცხადებს ვაშაძე.

“სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები რა განცხადებებს გააკეთებენ, ეს მე ამ წუთში, წარსულში და მომავალში… ყველაზე ნაკელბად ამაღელვებს. აბსოლუტურად არ მაინტერესებს. ძალიან ბევრი ადამიანის განცხადებები მახსოვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დროს და შემდეგ, რაც უნდათ ის განაცხადონ, მათი კონსტიტუციური უფლებაა, ზუსტად ისევე როგორც ჩემი და სააკაშვილის უფლებაა ერთ ყურში შევუშვათ ეს განცხადებები და მეორედან გამოვუშვათ”.


“მიუხედავად საერთო წარსულისა, “ევროპული საქართველოს” ხედვები განსხვავდება “ნაციონალური მოძრაობის” მიდგომებისგან, – იუწყება “ევროპული საქართველოს” სარეკლამო ბროშურა, რომელიც ყოფილ თანაპარტიელებს შორის დაპირისპირების მორიგი საგანი და ახალი დისკუსიის საფუძველი გახდა.  

საარჩევნო ბროშურის თანახმად, “ევროპული საქართველოს” “ნაციონალური მოძრაობისგან” გამოარჩევს:    

  • რეალური და შესრულებადი დაპირებები
  • ერთპიროვნულ მმართველობაზე უარი
  • კოალიციური მთავრობა
  • წარსულის კრიტიკული გააზრება
  • საპენსიო დანაზოგების დაბრუნება
  • ქონების და მიწის ხალხისთვის დაბრუნება

პარტიის საარჩევნო ბროშურამ სოციალურ ქსელში დისკუსია გამოიწვია.

“ევროპული საქართველო” ამბობს, რომ ენმ-სთან არსებულ განსხვავებებზე მითითება ხელისუფლების პრობლემიდან ისრების გადატანას არ ნიშნავს, ვინაიდან რამდნეიმეგვერდიანი ბროშურა ამომრჩეველს, პირველ რიგში, “ქართულ ოცნებასთან” “ევროპულ საქართველოს” პრინციპულ განსხვავებებს აცნობს.

“ჩვენ ვაცნობთ ამომრჩევლებს განსხვავებას, პირველ რიგში, ივანიშვილის დღევანდელ ვითარებასთან, მაგრამ ამავე დროს ჩვენს კონკურენტებთან ოპოზიციაში, რომელთაც 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება უნდათ. ამომრჩევლებისთვის თქმა, რითი განვსხვავდებით სხვისგან, ეს ბრძოლაა? პოლიტიკური ველურობაა, როცა შენს კონკურენტს უნდა, რომ მოსწონდე და ამაზე ბრაზდება და ეს ემართებათ ხოლმე ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს ენმ-ში. დიახ, ჩვენს შორის დიდი განსხვავებაა. მათ უნდათ, 2012 წლამდე ვითარება იყოს, ჩვენ გვინდა ივანიშვილის კატასტროფის შეცვლა, წინსვლა და გარდამტეხი ცვლილებები”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, ენმ მთავარ კონკურენტად მიაჩნია და ამიტომ აკეთებს თუ არა აქცენტს მასზე “ევროპული საქართველი”, ბოკერია პასუხობს, რომ “ოპოზიციის შიგნით ყველა კონკურენტია, მაგრამ ზოგ კონკურენტს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე სხვას”. 

“თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამთავრობო პროპაგანდა ჯიუტად გააგრძელებს ყველას ერთ ქვაბში მოხარშვას და იმის თქმას, რომ ან ბიძინაა ან მიშა. ამიტომ საჭიროა ამომრჩევლებმა იცოდნენ, რა ხედვა გვაქვს, რა კომპასი გვაქვს და რაშია განსხვავებები. პოლიტიკური ველურობაა, რომ ამ ტიპის ცივილიზებული კონკურენციის კამპანია ვიღაცას დემოკრატიის პრობლემად მიაჩნია. ეს დემოკრატიის არსია”, – ამბობს ბოკერია. 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის თქმით, “ევროპული საქართველოს” ბროშურამ გულისწყრომა დაიმსახურა ამომრჩევლებში და მათთვის ველურის წოდება არაკორექტულია. 

“ადამიანების გულისწყრომას, რომლებიც ამბობენ, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა არ უნდა იყოს არცერთი ოპოზიციური პარტიის სამიზნე, როცა ველურობად აღიქვამ, ეს მიმაჩნია არაკორექტულად. ამომრჩეველი ამბობს ამას და რა გამოდის, ამომრჩეველს უწოდებ ველურს? საერთო მიზანი არის “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და მე მგონი, ყველა ოპოზიციურ პარტიას საერთო სწორება უნდა გვქონდეს ბიძინა ივანიშვილის და არა ერთმანეთის წინააღმდეგ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” დეკანოიძემ.

დეკანოიძე ამბობს, რომ “ევროპული საქართველოს” ბროშურის შინაარსობრივ განხილვაში შესვლას საჭიროდ არ მიიჩნევს, თუმცა სვამს კითხვას, როდის თქვა “ნაციონალურმა მოძრაობამ” რომ კოალიციურ მთავრობას არ ემხრობა?

საარჩევნო ბროშურა ერთადერთი თემა არაა, რამაც ბოლო დროს “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპული საქართველოს” შორის დაძაბულობის საფუძველი გახდა. “ევროპული საქართველო” აკრიტიკებს ენმ-ის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასახელების შესახებ და ამბობს, რომ ეს ოპოზიციური კოალიციის ფორმირებას ხელს არ შეუწყობს.

უშედეგოდ დასრულდა “ნაციონალურ მოძრაობისა” და “ევროპულ საქართველოს” ხანგრძლივი კონსულტაციები რეგიონებში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების თაობაზე. ევროპული საქართველოს განცხადებით, ამ საკითხზე შეთანხმება ენმ-მ არ მოინდომა.

კრიტიკული განცხადებები გაკეთდა მას შემდეგაც, რაც ენმ-მ ისანში გიორგი ვაშაძეს დაუყენა კონკურენტი ხატია დეკანოიძის სახით. ვაშაძე ოპოზიციის დიდი ნაწილის, მათ შორის ენმ-ს საერთო კანდიდატი იყო, თუმცა ის ენმ-მ თბილისში მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლაში დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი