ახალი ამბები

2012 წლამდე ვითარების დაბრუნება უნდა — ბოკერია სააკაშვილის პრემიერად წარდგენაზე

7 სექტემბერი, 2020 • 973
2012 წლამდე ვითარების დაბრუნება უნდა — ბოკერია სააკაშვილის პრემიერად წარდგენაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ოპოზიციური კოალიცია “ძალა ერთობაშია” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარადგენას გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილის პრემიერად წარდგენით “ნაციონალურმა მოძრაობამ” კიდერ ერთხელ დაადასტურა, რომ 2012 წლამდე პერიოდისა და ერთპიროვნული მმართველობის დაბრუნება სურს.

როგორც ბოკერია ამბობს, ენმ-ს ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის სურათს კიდევ უფრო მკაფიოს ხდის, რომ ქვეყნისთვის არც “ქართული ოცნების” მმართველობის შენარჩუნება და არც უკან, წარსულში, დაბრუნება შეიძლება.

“ივანიშვილის პროპაგანდას ჯერ ერთი ჰქონდა სათამაშო — სააკაშვილის დაბრუნების საკითხი,დაბუნდებაა… რომ დაბრუნდება რას უზამენ… მთელი ეს აბსოლუტურად არანორმალური კონტექსტი ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის არაფრისმომცემი. ახლა ხელახლა ექნება მისი პრემიერობის საკითხი. “ევროპული საქართველოს” პოზიცია არის ძალიან მკაფიო — ივანიშვილს და მის გარემოცვას სურს დღევანდელი ვითარების, ამ ჩიხის, კატასტროფის შენარჩუნება, რომ სრული ძალაუფლება ჰქონდეს და მოქალაქეების აზრი ფეხებზე ეკიდოს და ჩვენი ამოცანაა ამის შეცვლა. “ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც ჩანს, დღევანდელი ნაბიჯით რაც დადასტურდა და არამარტო ამით, 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება უნდა”, — განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციური კოალიცია “ძალა ერთობაშია” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს წარადგენს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, დღეს, 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“იმისათვის, რომ ამ გადაწყვეტილების გაანალიზება მოხდეს სწორად და გავიგოთ მისი მნიშვნელობა, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც აღარაფერი იყო დარჩენილი სატელეფონო კოდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა”, – აღნიშნა ვაშაძემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

მისი თქმით, “სააკაშვილის რესურსის გამოყენება სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად აუცილებელია”, თუ ქვეყანას შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევა სურს.

კითხვას, როგორ აპირებს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, ვაშაძემ უპასუხა, რომ ამაზე სააკაშვილი თავად ისაუბრებს.

მანამდე, 6 სექტემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნების გეგმაზე დღეს, 7 სექტემბერს, ისაუბრებს. მან გასულ წლებშიც, რამდენჯერმე დააანონსა საქართველოში დაბრუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი