ახალი ამბებისამართალი

ლუკა სირაძის ოჯახი ჩოლოიანისთვის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს

7 სექტემბერი, 2020 • 1662
ლუკა სირაძის ოჯახი ჩოლოიანისთვის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს

გასული წლის დეკემბერში გარდაცვლილი, 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს, მოზარდის საქმის გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანისთვის, სასჯელის მაქსიმალური ზომის (5 წლით პატიმრობა) შეფარდება სურს. ამის შესახებ მოზარდის ძმამ დღეს, 7 სექტემბერს, ჩოლოიანის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მან ასევე გაუსვა ხაზი სხვა პოლიციელების პასუხისმგებლობასაც, რომელთა მიმართაც, ოჯახის ინტერესების დამცველის თქმით, პირდაპირი მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს.

“ბრალდების მხარეს რაც გააჩნდა, გამოძიებამ რაც გამოარკვია, ყველაფერი ითქვა ამ სასამართლოზე.

…გვინდა, რომ [ჩოლოიანს] მიესაჯოს 5 წელი. დამატებით, არ მგონია, რამე გამოიკვეთოს, იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც და პროკურატურამაც მაქსიმუმი გააკეთეს ამ საქმისთვის”, – აღნიშნა ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ, “ტვ პირველის” ეთერში.

მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამოძიება სსკ-ის 335-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულებას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღეს, 7 სექტემბერს, სასამართლომ ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სწორედ ამის შემდეგ მოითხოვა ოჯახმა მაქსიმალური სასჯელი.

ლუკა სირაძის ძმა ასევე აღნიშნავს, რომ ჩვენების იძულების პროცესში სხვა პოლიციელები “იყვნენ გარშემო, პერიოდულად მიდიოდნენ, ცდილობდნენ, მარიანასთვის მხარი დაეჭირათ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ” მოზარდს, ზეწოლას ახდენდნენ მასზე.

“ამ პოლიციელების წინააღმდეგ არის ირიბი მტკიცებულებები. ვერ წარუდგინეს მათ სისხლისა სამართლის ბრალი, მათი საქმეები გადასცეს ინსპექციას და მათ უნდა დაეწყოთ დისციპლინარული დევნა ამ ადამიანების წინააღმდეგ”, – აღნიშნავს ის.

სხვა პოლიციელების მიმართ პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობაზე ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესების დამცველი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი, რეზო აჭაიძეც მიუთითებს. მისი თქმით, საქმეს ისიც ართულებს, რომ დანაშაული პოლიციაში მოხდა.

“იმედი ვიქონიოთ, რომ რაიმე კიდევ დადგინდება. ყველას ახსოვს, რომ ბევრი რამ შემოატრიალა თავის დროზე ჩვენების შეცვლამ. ასევე მოგვეხსენება, რომ პოლიციაში მომხდარი დანაშაული საჯაროობით არ გამოირჩევა. ვინც არის შემსწრე, პოლიციელები არიან. ყველა პოლიციელმა თქვა, რომ რომ არაფერი დაგვინახავს და არანაირ გადაცდომას არ ჰქონია ადგილიო. არადა, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა აგერ.

აქედან გამომდინარე, რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა პოლიციელებიც არ ამბობენ, რა მოხდა. ყველა, შეიძლება, არ შესწრებია, მაგრამ ვიღაც რაღაცას გაიგებდა. მათი განმარტებით, არაფერი მომხდარა და ასეთი მტკიცებულებები როცა გაქვს, რთულია, ვინმე გაამტყუნო. მარიანა ჩოლოიანის შემთხვევაში გაგვიმართლა იმაში, რომ რამდენიმე ობიექტური მოწმე იყო, მესამე პირი, მიკერძოების გარეშე”, – აღნიშნავს აჭარაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რაც შეეხება ჩოლოიანისთვის მაქსიმალურ სასჯელს: სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება პროკურატურის პრეროგატივაა. აჭარაძის თქმით, ბრალდების მხარეს ჯერ განაჩენი უნდა ჩაბარდეს, შემოწმდეს, როგორ ასაბუთებს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებას და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული განაჩენის გასაჩივრებასთან დაკავშირებით.

მარიანა ჩოლოიანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დასტურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი