ახალი ამბები

ევროსაბჭო რუსეთისგან დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის გადახდას ითხოვს

4 სექტემბერი, 2020 • 799
ევროსაბჭო რუსეთისგან დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის გადახდას ითხოვს

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 1-3 სექტემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების საქმეზე აღსრულების პროცესი შეაფასა და ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის ფედერაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკეს.

სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტმა სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ კომპენსაციის გადახდა არის უპირობო ვალდებულება ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და რუსეთი დღემდე არ ასრულებს ამ ვალდებულებას, რის გამოც მინისტრთა კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან, რუსეთს მოუწევს ყოველ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა.

კომიტეტმა სინანულით აღნიშნა, რომ მიუხედავად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, რუსეთის მთავრობამ არ გამართა კონსულტაციები მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან გადახდის მოდალობებთან დაკავშირებით, როგორც ეს დაევალა 2020 წლის მარტის განხილვის დროს.

რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის მიუხედავად, რომელსაც დებატების გამართვა 2020 წლის დეკემბერში სურდა, კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ხელახალი დებატები ჩანიშნა რამდენიმე კვირაში დაგეგმილ უახლოეს სხდომაზე – 2020 წლის სექტემბრის ბოლოს.

 

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

მასალების გადაბეჭდვის წესი