ახალი ამბები

ერთ-ერთი დაშავებული მართვით სუნთქვაზეა – აფეთქება ფილარმონიასთან

4 სექტემბერი, 2020 • 858
ერთ-ერთი დაშავებული მართვით სუნთქვაზეა – აფეთქება ფილარმონიასთან

ალადაშვილის კლინიკის ექიმის, ლევან ბესელიას განცხადებით, ფილარმონიასთან სადღესასწაულო კლუბ “დეჟავუში” მომხდარი აფეთქების შედეგად  ერთ-ერთი დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმის თქმით, ახალგაზრდა კაცს საავადმყოფოში მიყვანისას სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ტრავმული შოკი აღენიშნებოდა, რის გამოც კლინიკაში შეყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს:

“ჩვენს კლინიკაში ერთი პაციენტია შემიყვანილი, 33 წლის კაცი.  დაფიქსირდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტრავმული შოკი და გადაყვანილი იქნა შემოსვლისთანავე მართვით სუნთქვაზე. პაციენტს აღენიშნება დაზიანებები სახის არეში, ჭრილობები მხრის და კისრის არეში. ამ ეტაპე დანიშნულია გაფართოებული კვლევები, რის შემდეგაც გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა”, – ამბობს ექიმი.

აფეთქება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადღესასწაულო ცენტრ/კლუბ „დეჟავუში“ დაახლოებით 16:20 წუთზე მოხდა. შსს-ს პირველადი ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

პოლიცია ადასტურებს, რომ დაშავდა 3 ადამიანი, — რომელთაგან ორი, პირველადი ინფორმაციით, მუშაა, — ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზეა.

შსს აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა სიახლე ამ თემაზე:

აფეთქება ფილარმონიასთან – არის მსხვერპლი [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი