ახალი ამბები

აფეთქება ფილარმონიასთან – არის მსხვერპლი [განახლებადი]

4 სექტემბერი, 2020 • 1883
აფეთქება ფილარმონიასთან – არის მსხვერპლი [განახლებადი]

თბილისში, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად,  სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც “ნეტგაზეთს” სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ერთი ადამიანი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი პირი კი სასწრაფოს გარდაცვლილი დახვდა. უწყებაში აცხადებენ, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ამ დროისთვის დაშვებულთა რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

აფეთქება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადღესასწაულო ცენტრ დეჟავუში დაახლოებით 16:20 წუთზე მოხდა. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

16 : 56 – სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა. დაზარალებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე, ხეჩინაშვილისა და ალადაშვილის კლინკებში არიან გადაყვანილი. ერთ-ერთ მათგანს უტარდება ოპერაცია.

ვითარება ალადაშვილის კლინიკის ეზოში

16 : 58 – პირველადი ინფორმაციით, ჟანგბადის ბალონია აფეთქებული, თუმცაოფიციალურ სტრუქტურებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

17 : 00 – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, დეჟავუში მუშები აწარმოებდნენ სარემონტო სამუშაოებს, რა დროსაც მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. აფეთქებას ხანძარი არ გამოუწვევია. საგანგებოს ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.

17 : 03 –  ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ პანდემიის გამო დეჟავუ ღონისძიებებს უკვე რამდენიმე თვეა არ ატარებს.

17 : 17  – თბილისი ენერჯის ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. “კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

17 : 17 – როგორც „ნეტგაზეთს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, მაია მიქაიამ განუცხადა, შრომის ინსპექტორებთა ჯგუფი ამ წუთებში გადის ადგილზე საქმის შესასწავლად.

17 : 21 –  თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილების მძღოლები რუსთაველის გამზირის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან, რაც მელიქიშვილის ქუჩიდან, ვარაზისხევიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების შეფერხებას იწვევს.

17 : 35 – მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

17 : 41 – ალადაშვილის კლინიკის ექიმის, ლევან ბესელიას განცხადებით, ერთი პაციენტის მდგომაროება, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მათ კლინიკაში შეიყვანა, მძიმეა. ექიმის თქმით, ახალგაზრდა კაცი მართვით სუნთქვაზეა და აღენიშნება ტრავმული შოკი:

“ჩვენს კლინიკაში ერთი პაციენტია შემიყვანილი, 33 წლის კაცი.  დაფიქსირდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტრავმული შოკი და გადაყვანილი იქნა შემოსვლისთანავე მართვით სუნთქვაზე. პაციენტს აღენიშნება დაზიანებები სახის არეში, ჭრილობები მხრის და კისრის არეში. ამ ეტაპე დანიშნულია გაფართოებული კვლევები, რის შემდეგაც გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა”, – ამბობს ექიმი.

17 : 54 – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო დირექტორის, ამირან გოგიტიძის თქმით, თბილისში, კლუბ “დეჟავუში” მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

“დაშავებული სამი ადამიანიდან ერთის მდგონარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა, შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. დანარჩნი ორი პაციენტის მდგომარეობა ამ პაციენტთან მიმართებაში არის შედარებით მსუბუქი, თუმცა, საყურადებო. მიმდინარეობს გამოკვლევები და დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა”, – განაცხადა გოგიტიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, მიმდინარეობს დაშავებული პირების იდენტიფიცირება

მასალების გადაბეჭდვის წესი