ახალი ამბები

„იმედის“ გენდირექტორად ნიკა ლალიაშვილი დანიშნეს

4 სექტემბერი, 2020 • 1821
„იმედის“ გენდირექტორად ნიკა ლალიაშვილი დანიშნეს

ტელეკომპანია „იმედის“ (შპს „ტელეიმედის“) გენერალური დირექტორი ამჟამად ნიკა ლალიაშვილია.

საჯარო რეესტრში ასახული ცვლილებების თანახმად, არხის სამეთვალყურეო საბჭომ 31 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლალიაშვილი დაენიშნა. ცვლილებები 6 აგვისტოს აისახა.

ნიკა ლალიაშვილი წლების განმავლობაში „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, 2008-12 წლების პარლამენტის წევრი. ბოლო წლებში „იმედზე“ მუშაობდა. მიჰყავდა გადაცემა „SWOT ანალიზი“.

2019 წელს ლალიაშვილის პროდიუსერობით გამოვიდა ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომზე, რომლის შინაარსმაც საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია, „იმედის“ ჟურნალისტების დიდი ნაწილი კი ფილმის „ერთ-ერთ მთავარ ხაზს“ გაემიჯნა.

ლალიაშვილამდე „იმედს“ ხელმძღვანელობდა ელდარ მდინარაძე, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის დაარსებულ ტელეკომპანია მე-9 არხზე მუშაობდა.

„ტელეიმედის“ მფლობელად დაფიქსირებულია შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელად ფიქსირდება ბრიტანეთის მოქალაქე ინა გუდავაძე, გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე.

მასალების გადაბეჭდვის წესი