ახალი ამბები

აგვისტოს ომზე ფილმი “იმედის” Facebook გვერდიდან წაშლილია, Youtube-ზე რჩება

15 აგვისტო, 2019 • 2890
აგვისტოს ომზე ფილმი “იმედის” Facebook გვერდიდან წაშლილია, Youtube-ზე რჩება

ფილმი “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომელსაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა, ტელეკომპანია “იმედის” Facebook-გვერდიდან წაიშალა, Youtube-ის არხზე კი რჩება.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, რასაც ადასტურებენ ინფორმირებული წყაროები “იმედიდან”, ფილმის წაშლის გადაწყვეტილება ნეგატიური გამოხმაურებებისა და სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან მრავალგზის “დარეპორტების” შემდეგ მიიღეს, ჩათვალეს რა, რომ ის აზიანებდა არხის რეპუტაციას. აღნიშნული ფილმი ტელეკომპანიის “ფეისბუქ-გვერდიდან” ფილმი “იმედინიუსის” მთავარი რედაქტორის თეონა გეგელიას ინიციატივით და არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით წაიშალა.

დღესვე, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა სოციალურ ქსელში ერთი და იმავე შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამავე ტელეარხის მიერ აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის “ერთ-ერთ მთავარ ხაზს” ემიჯნებიან.

საქმე ეხება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომელშიც 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებში ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ომის შედეგად “ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი მოიპოვა”.

ფილმი კრიტიკის საფუძველი გახდა და საზოგადოების ნაწილმა ტელეკომპანია “იმედი” რუსული ნარატივის გავრცელებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თვითონაა. ლალიაშვილი არ იზიარებს “იმედის” ჟურნალისტების შეხედულებას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ფილმი სასარგებლო და დროული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი