ახალი ამბები

პროკურატურაში გვითხრეს, რომ FBI-მ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა – ლომჯარია

3 სექტემბერი, 2020 •
პროკურატურაში გვითხრეს, რომ FBI-მ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა – ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ლომჯარიამ მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სწორედ ამ შეხვედრაზე მიაწოდეს:

“FBI-ის ჩართულობასთან დაკავშირებითაც დავსვით შეკითხვები. როგორც განგვიცხადეს, შესაბამის ატაშესთან ჰქონდათ კომუნიკაცია თანამშრომლობის შეძლებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც გვითხრეს, FBI აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება მათი კომპეტენცია არ არის”, – განაცხადა ლომჯარიამ.

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვას ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შემდეგ ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ აშშ-ის საელჩოსთან აქციაც გამართეს, რის შემდეგაც, 4 აგვისტოს ოჯახს საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. როგორც “ნეტგაზეთს” საელჩოში უთხრეს,  ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ FBI საქართველოში მიმდინარე გამოძიებაში სახელმწიფოს ოფიციალური მოთხოვნის გარეშე ვერ ჩაერთვებოდა.

ამის შემდეგ საგამოძიებო უწყებებმა ბაჩალიაშვილის გამოძიებაში ჩართვის მოთხოვნით აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს ოფიციალური წერილით მიმართეს, თუმცა, როგორც დღეს, 3 სექტემბერს, გახდა ცნობილი, ბიურომ უარი განაცხადა გამოძიებაში ჩართვაზე.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი