ნეტგაზეთი | ჩვენებებს გავეცანით და ვერსიებმა იმატა – რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენებებს გავეცანით და ვერსიებმა იმატა – რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე – Netgazeti
RU | GE  

ჩვენებებს გავეცანით და ვერსიებმა იმატა – რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართულობასთან დაკავშირებით შსს-ში ბაჩალიაშვილის ოჯახთან და ადვოკატთან შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე, რომელშიც შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძე და მამუკა ჭელიძე მონაწილეობდნენ, ბაჩალიაშვილის ოჯახს მოწმეთა ჩვენებების ნაწილი გააცნეს.

“გავეცანით გარკვეული პირების ჩვენებებს, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა და ვერსიებმა იმატა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულად ვერ ვილაპარაკებ”, – განაცხადა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, ჯერ არ არის სატელეფონო ზარები მოსული, თუმცა მზადაა დრონის მასალა, რომელიც დიდი მოცულობისაა და გადმოწერას და დიდ ეკრანზე გაცნობას საჭიროებს.

მიხეილ რამიშვილის თქმით, საგამოძიები უწყებების მხრიდან საქმეში FBI-ის ჩართულობასთან დაკავშირებით ოფიციალური მოთხოვნა გაგზავნილია, თუმცა ოჯახი უნდა დარწმუნდეს, რომ ეს პროცესი ფორმალური არ იქნება.

“უნდა ვიცოდეთ, რა იქნება ფედერალური ბიუროს ჩართულობის არეალი. ჩვენი მოთხოვნაა მაქსიმალური ჩართულობა, მათ შორის ექსპერტიზაში, და ყველა შესაძლებლობის გამოყენება. ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი პროცესი”, – განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გამოძიება ყველა შესაძლო მიმართულებით მუშაობს.

“მასალები მაჩვენეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავი. ძალიან ფართო გამოძიებაა და ვერსიაზე ვერაფერს ვიტყვი”, – განაცხადა თამაზაშვილმა.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ოჯახმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას მოითხოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.