ნეტგაზეთი | ბიბილოვის გადადგომას რუსეთის კომუნისტური პარტიაც მოითხოვს ბიბილოვის გადადგომას რუსეთის კომუნისტური პარტიაც მოითხოვს – Netgazeti
RU | GE  

ბიბილოვის გადადგომას რუსეთის კომუნისტური პარტიაც მოითხოვს

რუსეთის კომუნისტური პარტია აცხადებს, რომ ნანობს თავის დროზე ანატოლი ბიბილოვის მხარდაჭერას და ცხინვალში მიმდინარე მიტინგების ფონზე მას გადადგომისკენ მოუწოდებს. 

“მას საკუთარი დაპირებებიდან თითქმის არაფერი შეუსრულებია. სამხრეთ ოსეთის პატრიოტულ ძალებთან ყველა შეთანხმება დაარღვია, რუსეთის კომუნისტურ პარტიასთან კონტაქტები გაწყვიტა, რეაქციული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა გაატარა. შოკის მომგვრელია იმ მოქალაქეებისა და სამოქალაქო აქტივისტების დევნა, ვინც მას არ ეთანხმება. მარიონეტული იუსტიციის სამინისტრო კი რეგისტრაციაზე სრულიად დაუსაბუთებელ უარს ეუბნება სხვა პოლიტიკურ პარტიებს.

კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სამძიმარს ჯაბიევის ოჯახს და მთელ სამხრეთ ოსეთს. ბიბილოვმა საზოგადოებასთან დიალოგის ნებისმიერი მცდელობა უგულებელყო და ახლა პოლიტიკურ ვაჭრობას ცდილობს ქვეყანასთან. იმედი აქვს, რომ პროტესტს ჩაახშობს ძალოვან უწყებებში მეორეხარისხოვანი ფიგურების მოცილებით, მაშინ, როდესაც მთლიანი სისტემა უნდა შეიცვალოს”, – ნათქვამია რუსი კომუნისტების განცხადებაში.

შესაბამისად, პარტია მოუწოდებს ბიბილოვს, დაუყოვნებლივ დატოვოს პოსტი, რუსეთის პოლიტიკურ პარტიებს კი, რომლებიც ამ დრომდე ბიბილოვს ზურგს უმაგრებენ, უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

ცხინვალში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკითხვის დროს, დე ფაქტო შს მინისტრის ავტომანქანაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი შემოაკვდათ. იმის მიუხედავად, რომ ბიბილოვმა დე ფაქტო მთავრობის გადადგომა დაადასტურა, ის ასევე აცხადებს, რომ დაუშვებელია, „ტრაგედია ვინმეს არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი