ახალი ამბები

სასტუმროებისთვის სესხის სუბსიდირების პროგრამა 1 წლამდე გაგრძელდება

3 სექტემბერი, 2020 • 1517
სასტუმროებისთვის სესხის სუბსიდირების პროგრამა 1 წლამდე გაგრძელდება

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროებს სახელმწიფო სესხის სუბსიდირების პროგრამას 1 წლამდე გაუგრძელებს. თურნავას თქმით, სესხის სუბსიდირება “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში მოხდება.

“ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს, ტურიზმის ინდუსტრიას, კერძოდ, მცირე და საოჯახო სასტუმროებს, და “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში მოვახდინეთ 6 თვის ბანკის სესხის სუბსიდირება. დღენადელი გადაწყვეტილების თანახმად, ეს პროგრამა გაგრძელდება და უკვე 12 თვის ბანკის სესხის პროცენტი იქნება თანადაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან”, – განაცხადა თურნავამ.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე კი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ კომპანიებს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ვერ ჩაერთვნენ სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების პროგრამაში, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე მიეცემათ შესაძლებლობა ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში და ისარგებლონ დამატებით 6 თვის განმავლობაში. ამისთვის კომპანიებმა დამფინანსებელ ბანკებს და “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს უნდა მიმართონ.

გახარიამ სხდომის დაწყებამდე ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები “ფრთხილად, მაგრამ ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევს”, თუმცა ტურიზმის სექტორი ამ დრომდე რთულ ვითარებაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი