პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 77 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.
ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა გედევან ფოფხაძემ კენჭისყრის შედეგები ეჭვქვეშ დააყენა და მანდატურებს დარბაზში დეპუტატების რაოდენობის ხელახლა დათვლა სთხოვა, რადგან მისი აზრით, სხდომას ამდენი დეპუტატი არ ესწრებოდა. პარლამენტის სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც სხდომის წამყვანმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა გადამოწმდა და დადასტურდა, ამიტომ კენჭისყრის შედეგების გაბათილების საფუძველი არ არსებობს.
საკანონმდებლო ცვლილებებით ზუსტდება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დამრღვევის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. აგრეთვე, განისაზღვრება პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების დროებითი წესი და საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღემდე პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით განთავსებისას პასუხისმგებლობის მარეგულირებელი დროებითი წესი.
ამომრჩევლის იძულება ან დაშინება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება – თალაკვაძე