ახალი ამბები

ადგილი, სადაც “პატრიოტთა ალიანსმა” შეხვედრა გამართა, სახელმწიფოს საკუთრებაა – ჯაღმაიძე

2 სექტემბერი, 2020 • 1099
ადგილი, სადაც “პატრიოტთა ალიანსმა” შეხვედრა გამართა, სახელმწიფოს საკუთრებაა – ჯაღმაიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ არსებული ტერიტორია, სადაც “პატრიოტთა ალიანსი” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა, სახელმწიფოს საკუთრებაა. ამის შესახებ განცხადება ჯაღმაიძემ ფეისბუკ გვერდის საშუალებით გაავრცელა.

“როგორც ეპარქიიდან შემატყობინეს, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და იქ სხვადასხვა დროს იმართება ღონისძიებები, რომელსაც არ უთანხმებენ ეპარქიას.

ცნობისათვის, ისტორიულად ეს მიწა ეკუთვნოდა ბაგრატის ტაძარს, თუმცა შემდგომში ტაძარს გადაეცა მხოლოდ ნაწილი ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიისა, ხოლო ეს ადგილი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება”, – განმარტა ჯაღმაიძემ.

“პატრიოტთა ალიანსი” ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში ახალგაზრდებს გუშინ, პირველ სექტემბერს შეხვდა.


უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებაში აქტუალური გახდა “პატრიოტთა ალიანსის” გარშემო განვითარებული მოვლენები, კერძოდ, რუსი ბიზნესმენის და ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტურ პლატფორმა “დოსიეზე” გამოქვეყნდა “პატრიოტთა ალიანსის” შესახებ ორი ჟურნალისტური გამოძიება.

“დოსიემ” გამოაქვეყნა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური ხარჯთაღრიცხვა, წინასაარჩევნო მეთოდური და ოპერატიული შეჯამება (რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის) რუსეთის პრეზიდენტის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს ხელმძღვანელის, საგარეო დაზვერვის სამსახურის მივლენილი გენერლის, ვლადიმერ ჩერნოვის სამდივნოდან.

დოკუმენტებში საუბარია “პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო ბიუჯეტზე 8 430 625 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. “დოსიეს” თანახმად, “პატრიოტთა ალიანსს” მომსახურებას უწევს კომპანია POLITSECRETS და პოლიტექნოლოგი სერგეი მიხეევი, თვითონ მიხეევს კი კურატორობენ გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებაში მყოფი, ФСБ-ის სათადარიგო პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და ГРУ-ის ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი.

ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში კი საუბარია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების აფხაზეთში ვიზიტის შესახებ და გაწერილია თეზისები ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას პრესკონფერენციისთვის ამ საკითხზე.

გამოძიების თანახმად, ინაშვილსა და ლომიას უნდა ეთქვათ, რომ ვიზიტის მიზანი საქველმოქმედო იყო, ასევე, ესაუბრათ სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზე და ნეიტრალიტეტზე, როგორც მორიგი დამღუპველი ომის თავიდან აცილების გზაზე.

ამასთან “პატრიოტთა ალიანსის” გარშემო ხმაური გამოიწვია პარტიის მიერ გაკეთებულმა საარჩევნო ბანერმა, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამაჩაბლოს ერთად, წითელი ფერით აღნიშნულია აჭარაც. პარტიამ ბანერები გონიოსა და სარფში გააკრა, რომელსაც ჰქონდა წარწერა “დაიცავი აჭარა”. ეს ბანერი შემდგომ “ლელოს” წევრებმა ჩამოხიეს. “პატრიოტთა ალიანსმა” კი განაცხადა, რომ ბანერი განსხვავებული სახით იყო შერჩეული, დანარჩენი კი მტრების დაგეგმილია. პარტია ასევე უარყოფს “დოსიეს” მიერ მათ შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის ნამდვილობას.

 

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

მასალების გადაბეჭდვის წესი