ახალი ამბები

უნივერსიტეტის ნაცვლად აქციაზე – სტუდენტების პროტესტი მინსკში

1 სექტემბერი, 2020 • 1528
უნივერსიტეტის ნაცვლად აქციაზე – სტუდენტების პროტესტი მინსკში

სასწავლო წლის პირველ დღეს ასობით ბელარუსელი სტუდენტი, უნივერსიტეტების ნაცვლად, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გავიდა. გაფიცვის მოწოდება ქვეყნის ოპოზიციამ გაახმიანა, რომელიც 9 აგვისტოს შემდეგ აპროტესტებს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ხელახალი კენჭისყრის დანიშვნას მოითხოვს. აქტივისტთა ნაწილი პოლიციამ დააკავა.

დღეს, პირველ სექტემბერს, მინსკის ცენტრალურ ქუჩებში სტუდენტები საპროტესტო შეძახილებით გადაადგილდებოდნენ. სხვა აქციების მსგავსად, დღევანდელ დემონსტრაციებზეც დომინირებდა ბელარუსის პირველი რესპუბლიკის დროშა, რომელიც ოპოზიციური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.

“რადიო თავისუფლების” ბელარუსული სამსახური ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Vyasna-ზე დაყრდნობით 17 დაკავებულის შესახებ იუწყება. პოლიციამ დემონსტრანტები ქალაქის სხვადასხვა წერტილებიდან გადაიყვანა განყოფილებებში.

ონლაინ მედიაპლატფორმის, Nexta-ს თანახმად, სტუდენტების ჯგუფმა განათლების სამინისტროსკენაც მოაწყო მსვლელობა. ერთ-ერთ მსვლელობაზე ისმოდა შეძახილები ლუკაშენკოს მისამართით: “საშა, დალიე ჩაი! პუტინი გიმასპინძლებს!” ამავე პლატფორმის ცნობით, სტუდენტების პროტესტს მუშებიც შეუერთდნენ.

რა ხდება ბელარუსში

9 აგვისტოს არჩევნების შედეგებით, რომლებიც ბელორუსის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, ალექსანდრე ლუკაშენკო დიდი უპირატესობით ლიდერობს. მის მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაია შედეგებს არ აღიარებს.

არჩევნების შემდგომ ბელორუსში დაიწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. ბელორუსში აქციების ორგანიზებისათვის აქტიურად იყენებენ “ტელეგრამს”. პროტესტის პირველ დღეებში პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ძალოვნების ქმედებებისა და შეტაკებების შედეგად დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც დაკავების იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.

ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები ბელორუსის დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში 16 აგვისტოს გაიმართა. მრავალი დემონსტრანტი შეუერთდა აქციას გასულ შაბათ-კვირასაც. მსხვილი ქარხნების მუშები და სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცნენ.

17 აგვისტოს, წინა დღეს გამართული ხალხმრავალი აქციის შემდეგ, ლუკაშენკოს არაერთგზის მოუწია უკმაყოფილო შეძახილების მოსმენა სატრაქტორო ქარხნის მუშების მხრიდან, რომელთა წინაშეც ის სიტყვით გამოვიდა.

აღნიშნული გამოსვლისას ლუკაშენკომ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მისი რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა დღის ბოლოს: მან თქვა, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ალექსანდრე ლუკაშენკომ არაერთგზის ახმიანებს ხისტ შეფასებებს დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ და ამბობს, რომ ისინი საზღვარგარეთიდან იმართებიან. 19 აგვისტოს კი თქვა, რომ სახელმწიფომ არმიის ნაწილები ბელორუსის დასავლეთ საზღვრებთან გადაისროლა უცხო ქვეყნების მთავრობების განცხადებების საპასუხოდ. საუბარია განცხადებებზე, რომლებითაც დასავლეთის ქვეყნები კრიტიკულად აფასებენ ვითარებას ბელორუსის შიგნით.

რუსეთის, ჩინეთისა და ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ევროკავშირი და აშშ. ისინი ასევე გმობენ პოლიციის მქედებებს დემონსტრანტების მიმართ. ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის ოფიციალური პირების ნაწილს, მათ შორის, ლუკაშენკოს, სამოგზაურო შეზღუდვებს დაუწესებენ. ევროკავშირმა კი თქვა, რომ ის სანქციებს დაუწესებს იმ ოფიციალურ პირებს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს არჩევნების გაყალბებასა და დემონსტრანტებზე ძალადობაში.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს 26 წელია მართავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი