ახალი ამბები

პარტიებს მოვუწოდებ, საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ გაგებაში დაეხმარონ – დეგნანი

31 აგვისტო, 2020 • 716
პარტიებს მოვუწოდებ, საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ გაგებაში დაეხმარონ – დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, საარჩევნო კამპანიისას კონცენტრირდნენ მოქალაქეებისთვის საარჩევნო პლატფორმების უკეთ გაცნობაზე და ამომრჩეველს გააცნონ თავიანთი პროგრამები ჯანდაცვის პოლიტიკისა და სხვა მიმართულებებით.

„საარჩევნო კამპანია, ცხადია, უკვე იწყება. თანდათანობით ვხედავთ საარჩევნო, — ვიტყოდი, ზოგიერთ შემთხვევაში, უპასუხისმგებლო, — რიტორიკას. და, იქიდან გამომდინარე, რაც მსმენია, ამას კვლავ ვიხილავთ“, – განაცხადა 31 აგვისტოს კელი დეგნანმა.

„მაგრამ მე ყველა პარტიასა და პოლიტიკურ ლიდერს მოვუწოდებ, რომ დაეხმარონ საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების გაგებაში ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ქართველი ამომრჩევლისათვის, — განათლება, ჯანდაცვას, ეკონომიკის აღორძინება კოვიდ-პანდემიის შემდეგ. ამ გზით — სრულად ინფორმირებულები — მოახერხებენ ამომრჩევლები გადაწყვეტილების მიღებას, საქართველოს მომავლისთვის კარგი არჩევანის გაკეთებას“, – განაცხადა ელჩმა.

„ამასთან, მოვუწოდებდი, რომ ბოლოდროინდელი საარჩევნო რეფორმები ეფექტურად განხორციელდეს. ეს არის მიზანი საარჩევნო რეფორმებისა, რაც ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR-ის) რეკომენდაციებს ეფუძნება. კიდევ ერთხელ, — ეს არის გზა, რომლის დახმარებითაც ამომრჩევლები საარჩევნო ყუთთან მივლენ, ბიულეტენს შეავსებენ, დაშინების, მოსყიდვის გარეშე, და რომლის დახმარებითაც ოქტომბერში ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართება“, – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში.

ელჩმა ასევე დადებითად შეაფასა ბოლო საარჩევნო ცვლილებები, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი, და აღნიშნა, რომ „შემდეგი ნაბიჯი ეფექტური იმპლემენტაციაა“.

ამომრჩევლის იძულება ან დაშინება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება – თალაკვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი