ახალი ამბები

მოვითხოვთ “პატრიოტთა ალიანსის” არაკონსტიტუციურად ცნობას – ლელო

31 აგვისტო, 2020 • 928
მოვითხოვთ “პატრიოტთა ალიანსის” არაკონსტიტუციურად ცნობას – ლელო

პოლიტიკური პარტია “ლელო” მოითხოვს, რომ სახელმწიფომ არაკონსტიტუციურად ცნოს პარტია “პატრიოტთა ალიანსი”.

პარტიის ლიდერები მოუწოდებენ “ქართულ ოცნებასა” და საქართველოს პრეზიდენტს, “იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და დაიწყონ პატრიოტთა ალიანსის არაკონსტიტუციურად გამოცხადების პროცედურა”.

“წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ურყევად დაადასტურებს, რომ მმართველი პარტიაც იზიარებს „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე გამოხატულ პოლიტიკურ შეხედულებებს, ღიად და დაუფარავად ატარებს პრორუსულ კურსს საქართველოში.

აღნიშნული კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ არც რუსეთის დუმის დეპუტატის ჩაბრძანება მომხდარა ექსპრომტად საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში, რასაც მოჰყვა 20-21 ივნისის მძიმე მსხვერპლი და ტრაგიკული მოვლენები“,- აცხადებს “ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში ანა ნაცვლიშვილი.

ბრიფინგი ეხმაურება “პატრიოტთა ალიანსის” ბანერს, სადაც საქართველოს რუკა იყო ასახული, აჭარის რეგიონი კი- წითლად შეღებილი. ნაცვლიშვილის თქმით,  „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკა და რიტორიკა როგორც აჭარაში, ასევე, დანარჩენ საქართველოში ხშირად ეფუძნება საქართველოში სხვადასხვა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას და ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სულისკვეთებასა და კონსტიტუციურ პრინციპებს.

ნაცვლიშვილმა ასევე განაცხადა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” მიერ აფხაზეთში ვიზიტი და რუსეთის მიერ პარტიის დაფინანსებაზე გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

პოლიტიკურმა პარტიამ „პატრიოტთა ალიანსი“ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზათისა და სამაჩაბლოს გვერდით, აჭარაც წითლად არის მონიშნული, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. ბანერს აწერია: „დაიცავი აჭარა“.ეს ბანერი შემდგომ “ლელოს” წევრებმა ჩამოხიეს. “პატრიოტთა ალიანსმა” კი განაცხადა, რომ ბანერი განსხვავებული სახით იყო შერჩეული, დანარჩენი კი მტრების დაგეგმილია. პარტია ასევე უარყოფს “დოსიეს” მიერ მათ შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის ნამდვილობას.

წაიკითხეთ ასევე:

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

მასალების გადაბეჭდვის წესი