ახალი ამბები

რურუას განაჩენი ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს

28 აგვისტო, 2020 • 866
რურუას განაჩენი ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს

“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

რურუას ერთ-ერთი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სააპელაციო სარჩელში მათ აღწერეს ის გარემოებები, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ რურუას 4- წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

“ეს განაჩენი იყო დაუსაბუთებელი და გარკვეულწილად სასაცილოც კი, რადგან მოსამართლემ დაამახინჯა მოწმეების ჩვენებები, კერძოდ, დააბრალა დაცვის მხარის მოწმეებს ისეთი რაღაც, რაც მათ ფიზიკურად არ უთქვამთ, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიციელებთან დაკავშირებით საერთოდ თვალი დახუჭა და არ შეაფასა მათი ჩვენებების ის ნაწილი, სადაც დადასტურდა, რომ ისინი იტყუებოდნენ ან ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდნენ.

ასევე შეფასების გარეშე დატოვა და საერთოდ არც კი იმსჯელა მოწმეთა ნაწილის ჩვენებებზე, მათი ჩვენებები კი იყო გამამართლებელი მტკიცებულება ამ შემთხვევაში და ყველაზე მთავარი: მოსამართლე არ შეეხო დაქტილოსკოპური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად ცეცხლსასროლ, ჩადებულ იარაღზე არ არმოჩნდა გიორგი რურუას თითის ანაბეჭდები და, შესაბამისად, ეს დასკვნა ცალსახად ადასტურებდა გიორგი რურუას უდანაშაულობას”, – განმარტა საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში და მას 30 ივლისს 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. რურუა “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილეა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული. ის 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. რურუა აცხადებს, რომ მას იარაღი ჩაუდეს და სინამდვილეში, პოლიტპატიმარია.

მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის, ენმ და ევროპული საქართველო. იმის გამო, რომ გიორგი რურუა ამ დრომდე არ იყო გათავისუფლებული პატიმრობიდან, აღნიშნულმა პარტიებმა მონაწილეობა არ მიიღეს საკონსტიტუტციო ცვლილებების დამტკიცებაში, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით უნდა ჩატარდეს.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ პრეზიდენტ ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდეს ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ და ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი