ევროკავშირი ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსნისათვის სანქციების დაწესებაზე შეთახმდა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასა და დემონსტრატების დარბევაში არიან ეჭვმიტანილები.
ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. მათივე ცნობით, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ამ სიაში, შესაძლოა, ალექსანდრ ლუკაშენოც მოხვდეს. ამ საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, 28 აგვისტოს, არაოფორმალურ შეხვედრაზე იმსჯელეს.
როგორც ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თომას პეტრიჩეკმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნების საგარეო უწყების წარმომადგენლები იმაზე შეთანხმდნენ, თუ როგორ იქნება სია სტურქტურირებული.
“ჩვენ საერთო შეთანხმება გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ იქნება სტრუქტურირებული სია და მეტნაკლებად ვინ იქნება ამ სიაში”, — განაცხადა პეტრიჩეკმა და აღნიშნა, რომ სიის ტექნიკურ დეტალებზე მუშაობა საბოლოოდ შემდეგ კვირაში დასრულდება.
კითხვაზე, დაუწესდება თუ არა ლუკაშენკოს მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვები და გაუყინავენ თუ არა აქტივებს, პეტრიჩეკმა უპასუხა, რომ “ლუკაშენკო სიაში უნდა იყოს” და საკითხვია, ეს პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს, თუ მოგვიანებით, თუ პროგრესი არ იქნება.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი თანახმაა, რომ ლუკაშენკო სანქცირებულთა სიაში იყოს, თუმცა აღიარა, რომ შესაძლოა, ლუკაშენკოს სიის მიღმა დარჩენისთვის “ტაქტიკური მიზეზები” არსებობდეს. თავად ლიეტუვამ კი საკუთარი სია შეადგინა, რომელშიც 118 პირია შესული.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას ურჩევნია, რომ ზეწოლა თანდათანობით განხორციელდეს, თუ ლუკაშენკო ოპოზიციასთან მოლაპარკებას ვერ შეძლებს.
9 აგვისტოს არჩევნების შედეგებით, რომლებიც ბელორუსის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, ალექსანდრე ლუკაშენკო დიდი უპირატესობით ლიდერობს. მის მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაია შედეგებს არ აღიარებს. ევროკავშირი ამ შედეგებს არ აღიარებს.
არჩევნების შემდგომ ბელორუსში დაიწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. ბელორუსში აქციების ორგანიზებისათვის აქტიურად იყენებენ “ტელეგრამს”. პროტესტის პირველ დღეებში პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ძალოვნების ქმედებებისა და შეტაკებების შედეგად დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც დაკავების იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.
ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები ბელორუსის დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში 16 აგვისტოს გაიმართა. გაფიცულნი არიან მსხვილი ქარხნების მუშები და სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი. 17 აგვისტოს ლუკაშენკოს არაერთგზის მოუწია უკმაყოფილო შეძახილების მოსმენა სატრაქტორო ქარხნის მუშების მხრიდან, რომელთა წინაშეც ის სიტყვით გამოვიდა.
აღნიშნული გამოსვლისას ლუკაშენკომ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მისი რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა დღის ბოლოს: მან თქვა, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ალექსანდრე ლუკაშენკომ არაერთგზის ახმიანებს ხისტ შეფასებებს დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ და ამბობს, რომ ისინი საზღვარგარეთიდან იმართებიან. 19 აგვისტოს კი თქვა, რომ სახელმწიფომ არმიის ნაწილები ბელორუსის დასავლეთ საზღვრებთან გადაისროლა უცხო ქვეყნების მთავრობების განცხადებების საპასუხოდ. საუბარია განცხადებებზე, რომლებითაც დასავლეთის ქვეყნები კრიტიკულად აფასებენ ვითარებას ბელორუსის შიგნით.
ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს 26 წელია მართავს.