ახალი ამბები

ბაჩალიაშვილს სუს-ის 3 მანქანა მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე მიჰყვებოდა – პროკურატურა

27 აგვისტო, 2020 • 1826
ბაჩალიაშვილს სუს-ის 3 მანქანა მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე მიჰყვებოდა – პროკურატურა

პროკურატურა აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეს, 18 ივლისს, უსაფრთხოების სამსახურის სამი მანქანა მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნა ბაჩალიაშვილის ავტომობილის უკან და მალევე სხვა მხარეს გადაუხვიეს.

„გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადის სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან“, – წერს პროკურატურა.

საგამოძოები უწყების განცხადებით, ეს ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე „მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადის საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ- თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე“.

პროკურატურის თანახმად, ამის ამსახველი ვიდეომასალა დაფიქსირებულია შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის სათვალთვალო კამერების მიერ, ასევე, სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული ვიდეოსათვალთვალო კამერებით. ამ მასალებს, უწყების თანახმად, ბაჩალიაშვილის ოჯახი და ოჯახის ადვოკატიც გაეცნენ.

ბაჩალიაშვილების ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა 25 აგვისტოს „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ „სამ მანქანასთან დაკავშირებით დადგენილია ბევრი ისეთი ფაქტი, რომელიც გადამოწმებას და ახალი ინფორმაციის მიღებას ავალდებულებს გამოძიებას, რაზეც არის შესაბამისი მოთხოვნა დაყენებული და რაც უნდა გადაამოწმოს გამოძიებამ“, – ამბობს ის.

რამიშვილის თქმით, ვიდეოკამერამ დააფიქსირა, რომ ეს სამი „ჯიპი“ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ფონიჭალიდან მიჰყვება: „ერთ-ერთი ადგილას, არ დავაკონკრეტებ, ეს ავტომობილები უხვევენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ სპეციალურად გადაუხვიეს. ეს, რა თქმა უნდა, ვარაუდია და ამის გადამოწმება უნდა მოხდეს“.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.

ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. ისინი ამბობდნენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, 23 აგვისტოს კი დედამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, მისი შვილი მოკლეს.


პროკურატურა აცხადებს, რომ საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს: „ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე“.

პროკურატურა ასევე წერს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართეს თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე „გუგლით“ სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

„პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით“, – წერია განცხადებაში.

ბაჩალიაშვილს 3 ჯიპი მიჰყვებოდა, რომლებიც ძალოვან უწყებებს ეკუთვნის – ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი