თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურისგან მიიღო პირობა მისი შვილის საქმეზე მოწმეთა ნაწილის ხელახალი დაკითხვისა და გამოძიების მიმდინარეობისას თვითმკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით.
23 აგვისტოს თამაზაშვილი ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან ერთად კიდვ ერთხელ იმყოფებოდა პროკურატურაში შეხვედრაზე, რომლის დასრულების შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა:
„დღეს არაფერზე არ მიმიღია პასუხი… რაღაც-რაღაცები მაინტერესებდა და დავსვი. მწყემსის დაკითხვა არ მომეწონა მაშინ, ფორმალურად იყო დაკითხული, კითხვები არ მომეწონა და გავაჟღერეთ, რომ ეგ ისევ თავიდან დაიკითხონ ეგ მოწმეები. კიო და შევთანხმდით, რომ მერე დაგვიბარებდნენ და გვეტყოდნენ. თეთრიწყაროს მოწმეები უნდა დაიკითხონ“, – თქვა მან.
მისი თქმით, მოითხოვა შვილის გამოძიების თვითმკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირება: „თქვენთვის შეიძლება არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მე მინდა მუხლის გადაკვალიფიცირება-მეთქი და ექსპერტიზის პასუხს ველოდებით თვის ბოლოს და მაშინ გადაკვალიფიცირდებაო“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს: „საუბარი იყო ხელმეორედ, დამატებით, იგივე მოწმეების დაკითხვაზე. შესაბამისად, ყველა ის პირი, რომელიც დაკითხული იყო და ძალიან უზუსტოდ არის დაკითხები განხორციელებული, არ არის დაკონკრეტებული მათი ჩვენებები, და ძალიან ბუნდოვანია მათი ჩვენებათა შინაარსი, ხელახლა დაიკითხება“. მისი თქმით, დაიკითხებიან ბაჩალიაშვილის კლასელებიც.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.
ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.
ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. ისინი ამბობდნენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, დღეს კი დედამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, მისი შვილი მოკლეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი – პროკურატურა