ახალი ამბები

ბაჩალიაშვილს 3 ჯიპი მიჰყვებოდა, რომლებიც ძალოვან უწყებებს ეკუთვნის – ადვოკატი

25 აგვისტო, 2020 • 1223
ბაჩალიაშვილს 3 ჯიპი მიჰყვებოდა, რომლებიც ძალოვან უწყებებს ეკუთვნის – ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს იმ სამ მანქანასთან დაკავშირებით, რომლებიც გაუჩინარების დღეს ბაჩალიაშვილის მანქანას მიჰყვებოდა და რომლებიც, მისი თქმით, ძალოვან სტრუქტურებს ეკუთვნის.

როგორც მიხეილ რამიშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, კამერებით დაფიქსირებულია სამი მანქანა, რომლებიც 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეს, მის მანქანას მიჰყვებიან და გამოძიებამ მათ შესახებ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი:

„სამ მანქანასთან დაკავშირებით დადგენილია ბევრი ისეთი ფაქტი, რომელიც გადამოწმებას და ახალი ინფორმაციის მიღებას ავალდებულებს გამოძიებას, რაზეც არის შესაბამისი მოთხოვნა დაყენებული და რაც უნდა გადაამოწმოს გამოძიებამ“, – ამბობს ის.

რამიშვილის თქმით, ვიდეოკამერამ დააფიქსირა, რომ ეს სამი „ჯიპი“ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ფონიჭალიდან მიჰყვება: „ერთ-ერთი ადგილას, არ დავაკონკრეტებ, ეს ავტომობილები უხვევენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ სპეციალურად გადაუხვიეს. ეს, რა თქმა უნდა, ვარაუდია და ამის გადამოწმება უნდა მოხდეს“.

მართალია, ადგილი არ დაუზუსტებია, თუმცა რამიშვილმა გვითხრა, რომ აღნიშნულ ადგილას „ისეთი გზებიც არის, რომ სათვალთვალო კამერებში მოხვედრის გარეშეც მისულიყვნენ შეხვედრის ადგილას. უნდა გადამოწმდეს. თუ შესვლა ფიქსირდება, მაშინ გამოსვლაც უნდა ფიქსირდებოდეს. და უნდა დავადგინოთ, რა დროს გამოვიდნენ, თუ გამოვიდნენ“.

როგორც რამიშვილი ამბობს, ის, რომ აღნიშნული მანქანები ძალოვან სტრუქტურას ეკუთვნის (თუმცა არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელ სტრუქტურას), დადგენილია, მათ შორის, მანქანების ნომრებით.

ადვოკატის თანახმადვე, გამოძიება ბოლო პერიოდამდე მხოლოდ ერთ ვერსიაზე, თვითმკვლელობაზე მუშაობდა, რაც არასწორი ტაქტიკა იყო: „მრავალი ვერსია არსებობს და უნდა გამოიძიონ კარგად, მკვლელობის ვერსიას სხვა მტკიცებულებები სჭირდება“.

„გამოძიება მიმდინარეობს თავიდან“, – გვითხრა მან.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.

ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. ისინი ამბობდნენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, 23 აგვისტოს კი დედამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, მისი შვილი მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი