თუმცა 27 ივლისს გიორგი ვაშაძემ კოალიციის “ძალა ერთობაშია” კიდევ ერთ წევრთან, თაკო ჩარკვიანთან ერთად, “ძალა ერთობაშია” დატოვა და ახალი კოალიცია, სახელწოდებით “სტრატეგია აღმაშენებელი” დააფუძნა.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე მიიჩნევს, რომ ვაშაძის მხრიდან შეთანხმება ორგზის დაირღვა. ერთი მხრივ, ეს მოხდა მისი გასვლით კოალიციიდან “ძალა ერთობაშია”. მეორე მხრივ კი, პირობა გატყდა თაკო ჩარკვიანის ფაქტორის გამო:
ჩარკვიანმა მიმდინარე წლის ივნისში, ჯერ კიდევ კოალიციაში ყოფნისას, განაცხადა, რომ საბურთალოს ოლქში დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს. ამის შემდეგ, ივლისში, ვაშაძის ახალ პლატფორმას შეუერთდა. შესაბამისად, ბარამიძის თქმით, ჩარკვიანი ავტომატურად გახდა ვაშაძის კოალიციის კანდიდატი იმ დროს, როდესაც ერთიან ოპოზიციას საბურთალოზე უკვე ჰყავდა დაყენებული კანდიდატი, ირაკლი ოქრუაშვილის სახით.
ბარამიძის თქმით, ამ ფონზე ვაშაძემ ენმ-ის ამომრჩევლის ნდობა დაკარგა.
“ამავდროულად, იმ[კონსულტაციების წევრმა] პარტიებმა დაასახელეს ვაშაძის კანდიდატურა ისანში, რომელიც იმ მომენტისთვის იყო “ძალა ერთობაშიას” წევრი. შესაბამისად, კენჭს იყრიდა ამ გაერთიანებიდან და, შესაბამისად, [პარტიული] ნომერი “5” ჰქონდა. ამის შემდეგ ვაშაძე ადგა და გავიდა ამ გაერთიანებიდან. ესეც ხომ ფაქტია?
ამ ყველაფერმა და მისმა ყველა სხვა არასერიოზულმა მოქმედებებმა გამოიწვია ის, რომ მან დაკარგა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა ნდობა და მხარდაჭერა. “ნაციონალური მოძრაობა” კი ოპოზიციური სპექტრის ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობაა. თუ ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა არ დაუჭერს მხარს ვაშაძეს, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია განწირულია წასაგებად ისნის ოლქში.
თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ისნის ოლქში დავმარცხდეთ, იქ უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, ვისაც მხარს დაუჭერს ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა. ეს კანდიდატურა არის ამ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე”, – აღნიშნა ბარამიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
ენმ-ის განცხადებების საპასუხოდ, ვაშაძის თანაგუნდელმა, თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ თავდაპირველად საბურთალოზე მაჟორიტარების კანდიდატად თავისმა პარტიამ “კანონმა და სამართალმა” დაასახელა. მისი თქმით, არც ე.წ. ლეიბორისტების მაგიდის შეთანხმებაში მიუღია მონაწილეობა და არ ესმის, რას ედავებიან.
“შეთანხმება რომ დაარღვიო, ჯერ მასში მონაწილეობა უნდა მიიღო”, – აღნიშნავს ის “რუსთავი2”-თან საუბრისას.
გია ბარამიძის განცხადებების შემდეგ “ნეტგაზეთი” შეეცადა გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებასაც, თუმცა მისი პარტიის პრესსამსახურის თქმით, ვაშაძემ ამ საკითხზე დილის ბრიფინგზე უკვე ისაუბრა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარებს, ამ ეტაპზე, აღარ აკეთებს.
რას ფიქრობენ “ლეიბორისტების მაგიდის” მონაწილე სხვა პარტიები
27 აგვისტოს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, გაცხადებული ვერსიით, ხმების დასაცავად შექმნილ შტაბზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ, თუმცა კომენტარები ზემოაღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებითაც გაკეთდა. შეფასებები არაერთგვაროვანია, თუმცა ყველა ერიდება, ღიად დააფიქსიროს პოზიცია, თუ ვინ დაარღვია შეთანხმება.
“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას თქმით, “საერთო ოპოზიციურ ფორმატში მიღებული გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება” და მისი პარტია მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელიც ამ ფორმატშია დასახელებული. ასეთი კანდიდატი, ამჟამინდელი მოცემულობით, გიორგი ვაშაძეა.
გუგავას თქმით, ვერ იტყვის, ვინ დაარღვია შეთანხმება და ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს.
“იმედია, ურთიერთშეთანხმებით ეს მცირედი წინააღმდეგობები ამოიწურება”, – თქვა მან.
“ევროპელი დემოკრატების” ლიდერის, პაატა დავითაიას თქმით, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად კოალიციის “ძალა ერთობაშია” წევრია, “ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს სუვერენული უფლება, იმოქმედოს, როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისე”.
“უახლოეს დღეებში იქნება მსჯელობა ფორმატში “ძალა ერთობაშია”, სადაც მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი დამტკიცდება. ამის შემდგომ მოხდება “ძალა ერთობაშიას” საარჩევნო ბლოკის მხრიდან წარდგენა მაჟორიტარებისა. ამიტომ, ჯერ თავს შევიკავებ კომენტარებისგან”, – თქვა მან.
კითხვაზე, ვინ დაარღვია შეთანხმება, დავითაიამ თქვა, რომ “გარკვეული შეთანხმებები და გარკვეული დარღვევები ამ მიმართულებით აქამდეც ხორციელდებოდა” და სამწუხაროა, რომ მთლიანად ერთიან ფორმატზე შეჯერება ვერ მოხდა.
“რესპუბლიკელების” ლიდერი, ხათუნა სამნიძე დარწმუნებულია, რომ ენმ-ის მიერ დეკანოიძის კანდიდატურის დაყენება “განპირობებული იყო ამომრჩევლის კარნახით”.
“ვინ დაარღვია შეთანხმება, დაირღვა თუ არა საერთოდ შეთანხმება, ახლა მთავარია, ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე, რაც ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას”, – აღნიშნა სამნიძემ.
“ევროპული საქართველო” მხარს გიორგი ვაშაძეს უჭერს: პარტიის პოზიცია “ლეიბორისტების” ოფისიდან გამოსულმა ლევან თარხნიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი თქმით, პარტია მიჰყვება ოპოზიციის შეთანხმებას.
“მე პირადად ორივეს [ვაშაძესა და დეკანოიძეს] თანაბარ პატივს ვცემ, თუმცა შეთანხმება იყო გიორგი ვაშაძეზე და, შესაბამისად, “ევროპული საქართველო” ერთგულია ამ შეთანხმებისა”, – განაცხადა თარხნიშვილმა.
“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩიაც ამბობს, რომ პატივს სცემს როგორც ხატია დეკანოიძეს, ისე გიორგი ვაშაძეს და ამ ვითარებაში სწორად არ მიაჩნია იმის შესახებ საუბარი, თუ ვისი მხრიდან დაირღვა შეთანხმება. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები კოალიციაში “ძალა ერთობაშია” აზრთა სხვადასხვაობის ნაწილია და არა ერთიანი ოპოზიციის ფორმატის.
“ვაგრძელებ ორივე ადამიანის მიმართ პატივისცემას. ორივე კანდიდატს მივცემთ საშუალებას, რომ “გირჩის” ამომრჩევლებს დაელაპარაკონ პირდაპირ. დავაკვირდებით, როგორ მოიქცევიან ეს ადამიანები და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას, ალბათ, “გირჩის” ამომრჩეველი. მაგრამ ის, რომ ახლა რომელიმე მხარე ჩვენ დავადანაშაულოთ რაღაცის ჩაშლაში და დავიწყოთ ამ ლაპარაკში შესვლა, სწორად არ მიგვაჩნია, რადგან საკმარისად არ ვიცით, რა მოხდა ერთი პარტიის, გაერთიანების თუ სამეგობროს შიგნით”, – უთხრა ხვიჩიამ “ნეტგაზეთს”.
რა ელის ერთიანი ოპოზიციისა და კოალიციური მთავრობის იდეას?
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მსგავსი დაპირისპირებები წინასაარჩევნოდ პროცესს აზიანებს. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან “ნაციონალურ მოძრაობაშიც”, თუმცა არ ფიქრობენ, რომ საკითხი რაიმე ფორმით შეუქმნის საფრთხეს კოალიცუირი მთავრობის იდეას. სწორედ ასეთ კოალიცია ესახება ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ალტერნატივად.
“არაერთხელ გვითქვამს, რომ სხვადასხვა პარტიები შექმნიან კოალიციას. სხვადასხვა იმიტომ ვართ, რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს და ბევრ რაღაცაზე ვიკამათებთ კიდეც. [კოალიციური] მთავრობა როცა შეიქმნება, მაშინაც იქნება კამათი. მაგრამ კამათი და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა, ეს არ ნიშნავს, რომ ძირითად რაღაცებზე ითქვას უარი. მაგალითად, რაც არ უნდა საკამათო იყოს ეს თემა, ძირითადზე ხომ შეთანხმებულები ვართ, რომ დავამარცხოთ ივანიშვილი?” ,- აღნიშნავს გია ბარამიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი არ ფიქრობს, რომ მიმდინარე პროცესები საერთო სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის. მეორე მხრივ, ოპოზიციას აკრიტიკებს და არაპრაგმატულს უწოდებს პოლიტიკოსების ქმედებებს.
“ეს იწილო-ბიწილო უმწიფრობასა და არაპრაგმატულობაზე მეტყველებს. ისინი ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს შიდა კონკურენციის კუთხით, ვიდრე ხელისუფლებასთან ოპონირების კუთხით. ოქროს დროს ხარჯავენ ერთმანეთთან გაწევ-გამოწევაში. ამით სისტემურად არაფერი იცვლება უარესობისკენ. უკეთესობისკენ, მით უმეტეს, არ იცვლება”, – ამბობს ის.
ოპოზიციურ ერთობაზე საუბრისას ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე მწვავე დაპირისპირებას არ ელის:
“ჯერჯერობით, მე არ მგონია, ხიდი ჩატეხილი იყოს, თუმცა შეიძლება, ისეთ სიღრმეებში შევიდეს ეს დაპირისპირება, რომ შეუძლებელი გახადოს შემდგომი ნაბიჯები. თუმცა, ჯერჯერობით, არ მგონია, ასე მოხდეს”.
ამავე თემაზე გირჩევთ