ახალი ამბები

ენმ-მ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა

26 აგვისტო, 2020 • 2331
ენმ-მ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისანში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად ხატია დეკანოიძეს წარადგენს. ამის შესახებ დეკანოიძემ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა.

მანამდე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ენმ ისანში კანდიდატის დაყენებას აპირებდა, თავად დეკანოიძე ადასტურებდა. თუმცა მაშინ ცნობილი არ იყო, თუ კონკრეტულად ვის დაასახელებდა პარტია. ამ ოლქში ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძეა.

რაც შეეხება პარტიის პოზიციას, სალომე სამადაშვილმა დღეს „მთავარის“ ეთერში განმარტა, რომ პარტია იმთავითვე უჭერდა მხარს ფართო ოპოზიციური ერთიანობის შექმნას „ოცნების“ კანდიდატების წინააღმდეგ.

„სწორედ ამიტომ დავუჭირეთ ჩვენ მხარი ერთიან კანდიდატებს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში და დღესაც მხარს ვუჭერთ ბატონ ნათელაშვილს, ქალბატონ ხოშტარიას და სხვებს. თუმცა, რაც შეეხება ისანს, აქ პოლიტიკური რეალობა შეიცვალა კანდიდატის გარშემო, მას შემდეგ, რაც ის გაერთიანებულ კანდიდატად დასახელდა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ ვაშაძის გარშემო შეცვალა მისი შანსები, რომ დაამარცხოს ივანიშვილის კანდიდატი“, – ამბობს სამადაშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტ საარჩევნო ოლქში მოიგოს, რაც შეეხება დეკანოიძის კანდიდატურას – „ძალიან დიდი მსჯელობის შედეგად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ ქალბატონი ხატია დეკანოიძე არის ის კანდიდატი, რომელიც აღნიშნულ ოლქში დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის კანდიდატს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური შეთანხმების დარღვევას, სამადაშვილი პასუხობს, რომ ეს ასე არ არის.

„მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც ვაშაძის წარდგენა მოხდა, ის წარმოადგენდა პოლიტიკურ გაერთიანებას – „ძალა ერთობაშია“ და სწორედ ამ გაერთიანების სახელით დასახელდა ის. ამის შემდგომ მან გადაწყვიტა, რომ მისი პოლიტიკური პარტნიორი, თაკო ჩარკვიანი დაეყენებინა საბურთალოს ოლქში კანდიდატად. გარდა ამისა, დატოვა პოლიტიკური გაერთიანება.

ამიტომ, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ, მან თავად გადაწყვიტა ბზარი გაეჩინა ოპოზიციურ ერთობაში და ამ გადაწყვეტილების გამო გახდა აუცილებელი ისნის ოლქთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლა“, – აცხადებს სამადაშვილი.


გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობაც” შედის, 27 ივლისს დატოვეს. მანამდე, 20 ივნისს, თაკო ჩარკვიანმა საკუთარი თავი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი