ახალი ამბები

ენმ არღვევს შეთანხმებას – ვაშაძე დეკანოიძის კანდიდატურაზე ისანში

26 აგვისტო, 2020 • 1085
ენმ არღვევს შეთანხმებას – ვაშაძე დეკანოიძის კანდიდატურაზე ისანში

ისნის ოლქში ოპოზიციის ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არღვევს ოპოზიციის შეთანხმებას.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ენმ ისანში საკუთარ კანდიდატს – ხატია დეკანოიძეს წარადგენს.

„ჩვენ გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს “ნაციონალური მოძრაობა”. ეს არის მათი გადაწყვეტილება, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვიერთდნენ “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის დასამარცხებლად საპარლამენტო არჩევნებში.

ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ პოლიტიკური ინტრიგები, ისინი ჩვენგან ელიან სიღარიბისა და კრიმინალის დამარცხებას, “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის დამარცხებას. სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ“, – წერს ვაშაძე ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში და ამატებს, რომ ამ ოლქში „ოცნების“ კანდიდატს მოუგებს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციას შორის მაჟორიტარებზე შეთანხმება თავად ვაშაძემ დაარღვია.

„მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც ვაშაძის წარდგენა მოხდა, ის წარმოადგენდა პოლიტიკურ გაერთიანებას – „ძალა ერთობაშია“ და სწორედ ამ გაერთიანების სახელით დასახელდა ის. ამის შემდგომ მან გადაწყვიტა, რომ მისი პოლიტიკური პარტნიორი, თაკო ჩარკვიანი დაეყენებინა საბურთალოს ოლქში კანდიდატად. გარდა ამისა, დატოვა პოლიტიკური გაერთიანება.

ამიტომ, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ, მან თავად გადაწყვიტა ბზარი გაეჩინა ოპოზიციურ ერთობაში და ამ გადაწყვეტილების გამო გახდა აუცილებელი ისნის ოლქთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლა“, – აცხადებს სამადაშვილი „მთავარი“ არხის ეთერში.

ვრცლად:

ენმ-მ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი