მთავრობა 95 ქვეყნის მოქალაქეს სთავაზობს პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს, 27 აგვისტოს, გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული პროგრამის ფარგელბში 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს შეეძლებათ, რომ მინიმუმ 180 დღის განმავლობაში სამუშაო ვალდებულებები დისტანციურად შეასრულონ.
“მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი, როგორც ტრანსნაციონალური კორპორაციები, ასევე, გლობალური კომპანიები, გადადიან დისტანციურ მუშაობაზე და, ფაქტობრივად, ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ დისტანციურად განახორციელოს თავისი უფლებამოვალეობები. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ 95 ქვეყანას პროგრამას “იმუშავე საქართველოდან”, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევები ვირუსის მართვის დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიებში თანამშრომლებს ჩვენ ვეპატიჟებით საქართველოში და მინიმუმ 180 დღის განმავლობაში ვთავაზობთ დისტანციურად საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში საქართველოში მათი ყოფნა იყოს უსაფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის და, რა თქმა უნდა, ასევე, კომფორტული”, — განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, შესაბამისი პროგრამა უკვე stopcov.ge-ზეა ატვირთული და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, რომ ამ აპლიკაციით ისარგებლოს.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განმარტა, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველები განცხადების შევსებისას არგუმენტირებულად დაასაბუთებენ, რომ შეუძლიათ საყოფაცხოვრებლო ხარჯების დაფარვა.
გარდა ამისა, მისი თქმით, სავალდებულო იქნება ჯანმრთლობის დაზღვა იმ პერიოდით, რა პერიოდითაც ეს ადამიანები საქართველოში იქნებიან.
ასევე, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოსვლისას 12-დღიანი კარანტინის ხარჯებს თავად აანაზღაურებენ.