პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა 27 აგვისტოს დაუსრულებელი მშენებლობების დასაზღვევად 100 მილიონი ლარის საგრანტო აუქციონს გამოაცხადებს.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ მთავრობის მიერ დაწყებული იპოთეკური სესხების პროცენტების სუბსიდირება საკმარისი არაა.
„ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამასთან ერთად დღეს გამოვიტანთ აუქციონზე 100 მილიონლარიან გარანტიას იმისთვის, რომ არცერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი“, – თქვა გახარიამ.
„ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2008-2009 წლის კრიზისების პერიოდში და ამ პერიოდში დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები ამახინჯებენ არა მარტო დედაქალაქს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც პირველადი შენატანი უკვე გააკეთეს”, — განაცხადა გახარიამ.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზანია დაუსრულებებლი მშენებლობების პრობლემის წარმოქმნის პრევენცია.
„ზოგადად, ისტორიულადადც ეკონომიკურ კრიზისებს, და მათ შორის უახლოეს წარსულში საქართველოში ეს გვახსოვს, თან ახლდა პრობლემები სამშენებლო სექტორში და გროვდებოდა დაუსრულებელი საცხოვრებელი ფართები, რაც იყო ძალიან დიდი პრობლემის საწინდარი და ძალიან ბევრმა ოჯახმა ამით იზარალა“, – თქვა მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობის მიზანია ამ პრობლემის პრევენცია: „როგორც ადრე იყო გამოცხადებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დღეს ეს კონკურსი იწყება, რომელშიც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ყველა მენაშენეს, ვისაც აქვს საცხოვრებელი ფართების მშენებლობასთან დაკავშირებული ნებართვა მიღებული“.
ნათია თურნავას განცხადებით, მენაშენეებს ექნებათ გარანტია, რომ „მათი ფართის 30% იქნება შეძენილი სახელმწიფოს მიერ. ეს ისევ და ისევ იმას ნიშნავს, რომ მათი რისკები იქნება მინიმალური და მინიმალური იქნება რისკები იმ მოსახლეობის, ვინც ელოდება ამ ბინების აშენებას და ვინც ფინანსურ დანახარჯს სწევს“.
„პერიოდულად მოგახსენებთ, როგორ მიმდინარეობს ეს კონკურსი“, – განაცხადა მინისტრმა.