ახალი ამბები

ევროკავშირმა 80 000 ევრო გამოყო წყალდიდობებით დაზარალებულთა დასახმარებლად

26 აგვისტო, 2020 • 1096
ევროკავშირმა 80 000 ევრო გამოყო წყალდიდობებით დაზარალებულთა დასახმარებლად

ევროკავშირი აცხადებს, რომ  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გავლით, საქართველოსთვის 80 000 ევრო გამოყო 2020 წლის ივლისის წყალდიდობების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. დახმარება შეეხება 3170 ადამიანს რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში.

2020 წლის ივლისის ბოლოს კოკისპირულმა წვიმებმა და წყალდიდობებმა საქართველოს არაერთ ნაწილში სახლებს და ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. 26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირი აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული საჭიროებების დაფინანსებისთვის 80 000 ევროს გამოყოფენ.

„ევროკავშირის ამ დაფინანსების საშუალებით წითელი ჯვარი დაზარალებულებს მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარება – როგორც საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების მიწოდებით, ასევე, ფულადი მხარდაჭერით. ჰუმანიტარული დახმარებით 3170 ადამიანი ისარგებლებს, ვისი სახლებიც დაიტბორა ან ვინც წყალდიდობის შედეგად მოსავალი დაკარგა“, – წერია პრესრელიზში.

როგორც განცხადებიდან ვიგებთ, ეს დაფინანსება არის წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო ფონდში (DREF) ევროკავშირის საერთო შენატანის ნაწილი.

„2020 წლის ივლისში კოკისპირულმა წვიმებმა დააზარალა საქართველოს რამდენიმე რეგიონი, მათ შორის, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია, იმერეთი და კახეთი. რამდენიმე სოფელი იზოლირებული რჩება მას შემდეგ, რაც წყალდიდობებმა მდინარის ნაპირების დამცავი ჯებირები, გზები და ხიდები გაანადგურა. წვიმებმა ასევე დიდი ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო მიწებს, მეურნეობებსა და ხეხილს, რაც დაზარალებული ოჯახისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა“, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი