ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში 6 წლის ბავშვი ოჯახში ცემის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა

26 აგვისტო, 2020 • 1397
სომხეთში 6 წლის ბავშვი ოჯახში ცემის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა

სომხეთში, ტავუშის რაიონის სოფელ ხაშტარაქში მცხოვრები 6 წლის ბავშვი ცემის შედეგად გარდაიცვალა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბავშვი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით ერევნის საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც უმცროს ძმასთან ერთად ოჯახის წევრმა სასტიკად სცემა.

სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებული ჰქონდა თავის ტვინი და ფილტვები, ასევე კიდურებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.

“პირველივე დღიდან ის უგონო მდგომარეობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა”, – აცხადებს კლინიკის პრეს-სამსახურის უფროსი.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ბაშვები სასტიკად სცემა 57 წლის ბაბუამ.

გამოძიების ცნობით, “ბავშვები მას ხელს უშლიდნენ დასვენებაში, რის შემდეგაც ხელებით, ფეხებით და ჯოხის გამოყენებით ბავშვებს სხეულის სხვადასხვა ადგილზე ურტყამდა”.

გამოძიების განცხადებითვე, ბავშვებს პერიოდულად 28 წლის დედაც სცემდა.

57 წლის კაცს, რომელიც ამჟამად დაკავებულია, სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი [112-ე და 119-ე] მუხლით წარედგინა ბრალი, რაც ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე დაზიანებას და წამებას გულისხმობს. მის შვილს [ბავშვების დედა] კი, მხოლოდ ერთი მუხლით [119] გაასამართლებენ. დედის დაკავებაზე სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი