ახალი ამბები

არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაზე შეტყობინება არ შემოსულა – შსს-ს განმარტება

25 აგვისტო, 2020 •
არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაზე შეტყობინება არ შემოსულა – შსს-ს განმარტება

შინაგან საქმეთა სამინისტრო თერჯოლის რაიონში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება შსს-ში არ შესულა. შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არცერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

თუმცა, უწყების განმარტებით, აღნიშნულ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით მომართვა 2010 წელს ფიქსირდება, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა.

“გარდა ამისა, 2014 წელს ადგილი ჰქონდა ბრალდებულს და მის სიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაზეც პოლიციის მხრიდან გატარდა შესაბამისი ზომები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

11 წლის ბავშვი თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ბავშვის მამა დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.

გარდაცვლილის ბებია “მთავარ არხთან” ამბობს, რომ ბავშვის მამა ოჯახის ყველა წევრს სცემდა და სისტემატური ძალადობის შესახებ ინფორმირებული იყო პოლიციაც.

“ოჯახში რაც ხდებოდა, ძალიან კარგად იცოდა პოლიციამ, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ათასჯერ მივიდა პოლიცია იმ ოჯახში. ერთხელ მე ვუჩივლე, თოფით რომ კლავდა ქალიშვილს… პოლიციამ ამოიღო თოფი და შემდეგ ის თოფიც დაიმალა. მეზობლები მეუბნებოდნენ, ჩვენც დავიღალეთო ამ კონფლიქტით”, – ამბობს ბავშვის ბებია როზა ბოგვერაძე “მთავარ არხთან” საუბარში.

სახალხო დამცველმა, სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის შესწავლა დაიწყო. ნინო ლომჯარია ხაზს უსვამს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა იგი მოძალადის ხელში.

“თუკი ძალადობის თაობაზე პოლიციას ჰქონდა შეტყობინებებები, რატომ არ იყო შესაბამისი ორგანოების მხრიდან ეფექტური და დროული რეაგირება? რატომ ვერ მოახდინა პოლიციამ ძალადობის პრევენცია ბავშვის მიმართ,  მით უმეტეს, თუ წლების განმავლობაში იყო სისტემატური ძალადობა? ასევე, რატომ არ იყო ინფორმირებული სოციალური სამსახური და რატომ არ იყო ჩართული ბავშვის მდგომარეობის შესწავლის პროცესში შესაბამისი სოციალური მუშაკი? მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე ცხადყოფს იმ სისტემურ პრობლემებს, რაც არსებობს ბავშვის ძალადობისგან დაცვის მიმართულებით ქვეყანაში”, – ამბობს ლომჯარია.

11 წლის ბავშვის თვითმკვლეობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მშობელი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი