ახალი ამბები

ომბუდსმენი 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს შეისწავლის

25 აგვისტო, 2020 • 1062
ომბუდსმენი 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველმა, სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის შესწავლა დაიწყო.

11 წლის ბავშვი თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ბავშვის მამა დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.

გარდაცვლილის ბებია “მთავარ არხთან” ამბობს, რომ ბავშვის მამა ოჯახის ყველა წევრს სცემდა და სისტემატური ძალადობის შესახებ ინფორმირებული იყო პოლიციაც.

“ოჯახში რაც ხდებოდა, ძალიან კარგად იცოდა პოლიციამ, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ათასჯერ მივიდა პოლიცია იმ ოჯახში. ერთხელ მე ვუჩივლე, თოფით რომ კლავდა ქალიშვილს… პოლიციამ ამოიღო თოფი და შემდეგ ის თოფიც დაიმალა. მეზობლები მეუბნებოდნენ, ჩვენც დავიღალეთო ამ კონფლიქტით”, – ამბობს ბავშვის ბებია როზა ბოგვერაძე “მთავარ არხთან” საუბარში.

მისივე ინფორმაციით, დაკავებული დაემუქრა ემიგრაციაში მყოფ ცოლს, რომ თუ ფულს არ გამოუგზავნიდა, შვილის ხმას ვერ გაიგებდა.

ბებიის ინფორმაციით, 11 წლის ბავშვი მამისგან საფრთხეს მუდმივად გრძნობდა, თუმცა ნათესავებთან ვერ მიდიოდა, რათა მამამისს მათთვისაც საფრთხე არ შეექმნა.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხაზს უსვამს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა იგი მოძალადის ხელში.

“თუკი ძალადობის თაობაზე პოლიციას ჰქონდა შეტყობინებებები, რატომ არ იყო შესაბამისი ორგანოების მხრიდან ეფექტური და დროული რეაგირება? რატომ ვერ მოახდინა პოლიციამ ძალადობის პრევენცია ბავშვის მიმართ,  მით უმეტეს, თუ წლების განმავლობაში იყო სისტემატური ძალადობა? ასევე, რატომ არ იყო ინფორმირებული სოციალური სამსახური და რატომ არ იყო ჩართული ბავშვის მდგომარეობის შესწავლის პროცესში შესაბამისი სოციალური მუშაკი? მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე ცხადყოფს იმ სისტემურ პრობლემებს, რაც არსებობს ბავშვის ძალადობისგან დაცვის მიმართულებით ქვეყანაში”, – ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველის აზრით, ბავშვები ოჯახში თუ საჯარო სივრცეში მარტონი არიან ძალადობის პირისპირ, რადგან:

  • არ აქვთ ინფორმაცია, ვის მიმართონ და რა მოითხოვონ, რადგან სკოლაში ამას არავინ ასწავლით;
  • არ აქვთ გარშემომყოფთა იმედი, რადგან ბავშვს არავინ უსმენს და კიდევ უფრო იშვიათად უჯერებს;
  • სოციალურ სამსახურს არა აქვს საკმარისი რესურსი, ხოლო სამართალდამცავ უწყებას – ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის კვალიფიკაცია და მგრძნობელობა;
  • ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემა არსებითი გამოწვევების წინაშე დგას;
  • არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის ეფექტური სერვისი, მინიმალურია მათთან ფსიქოლოგის ჩართულობა;
  • არაერთი ინიციატივა ბავშვის უფლებების სწავლების თუ ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების მხარდასაჭერად რელიგიური თუ ფსევდოპატრიოტული წინააღმდეგობების გამო ფერხდება.

11 წლის ბავშვის თვითმკვლეობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მშობელი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი